სიტუაცია ქვეყანაში და მემარცხენეების ამოცანები(ავტორი ლევან აბაშიძე)

საქართველოში უკანასკნელ წლებში განვითარებული მოვლენები, გვაძლევს საშუალებას, ვისაუბროთ, თავისებური სახის სტაბილიზაციასა და სოციალურ-პოლიტიკურ კონსოლიდაციაზე რეჟიმისა, რომელიც 2003 წლის ოქტომბერში მომხდარი ”ვარდების რევოლუციის’ (არსებითად სახელმწიფო გადატრიალების)შედეგად წარმოიქმნა. იმედები სიტუაციის მნიშვნელოვნად და სწრაფად გაუმჯობესების და დემოკრატიული პროცესების განახლების შესახებ ილუზორული აღმოჩნდა.

შედეგად ჩამოყალიბდა რეჟიმი რომელიც არის:

ოლიგარქიული თავისი სოციალურ-ეკონომიკური შინაარსით
ნახევრად ავტორიტარული პოლიტიკურ-სამართლებრივი ფორმით
კრიმინალიზირებული მოქმედების მეთოდებით
ნომენკლატურული წარმოშობით და ტრადიციით

ახალი ქართული კაპიტალიზმის ჩამოყალიბება და ფორმირება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე – გლობალურ კაპიტალისტურ ცენტრზე(ამ თვალსაზრისით ქართული კაპიტალიზმი პერიფერიულ ზონას წარმოადგენს) და ხელისუფლების მხარდაჭერაზე, რომლის გარეშეც ის სიცოცხლისუნარიანი არ არის. აქედან გამომდინარეობს საქართველოში არსებული ეკონომიკური ელიტის აბსოლუტური უმრავლესობის პარაზიტული და ელიტისტური ხასიათი. ე.წ. ლიბერტარიანი ბიზნესმენები რომლებიც წარმოიშვნენ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი და სანქცირებული ქვეყნის მიზანმიმართული ძარცვისა და მათდამი ლოიალურად განწყობილი(ხშირ შემთხვევაში მათივე ნაწილი) ფინანსური ელიტებისა და ოლიგარქიების შექმნის შედეგად.

ხელისუფლების სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის ბუნებრივი შედეგია ეკონომიკური განვითარების ის ობიექტური ტენდენცია რომელიც ქმნის საზოგადოების სოციალურად პოლარიზებულ სტრუქტურას, სადაც ერთი მუჭა ფინანსური ელიტა თავს ახვევს თავის ინტერესებს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, ხოლო საშუალო ფენა სუსტია და მისი მდგომარეობა არამდგრადი და მერყევია, რაც არსებითად განპირობებულია არსებული ეკონომიკურ-ბიუროკრატიული ელიტის მიერ სტატუსკვოს შესანარჩუნებლად წარმოებული მიზანმიმართული ქმედებებით.

ამგვარი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სისტემა არამყარია და ხასიათდება ხშირი და მწვავე კონფლიქტებით. მიუხედავად ამისა შესაძლებელია ვისაუბროთ რეჟიმის სტაბილიზაციასა და კონსოლიდაციაზე. ეს ნათლად ჩანს ბოლო წლის განმავლობაში და განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს, როდესაც რეჟიმის ირგვლივ იყრის ხოლმე თავს ადმინისტრაციული და ფინანსური ოლიგარქიის ძირითადი ჯგუფები. მტკიცება რეჟიმის სტაბილიზაციისა და კონსოლიდაციის შესახებ არ ეწინააღმდეგება მწვავე დაპირისპირების არსებობას სხვადასხვა ჯგუფებს შორის, მაგრამ აქ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხელისუფლების სურვილი იმისა რომ  ”ღირსეულად გამოვიყურებოდეთ’ მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის წინაშე, სწორედ ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ იმის განმაპირობებელ მიზეზად, რომ შენარჩუნებულია თუნდაც გარე დემოკრატიული ინტიტუტები, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ  რეჟიმის ნახევრად ავტორიტარულ ხასიათზე. რასაც ხელს უწყობს შიდა სისტემური ოპოზიციაც, რომელიც რეალურად არსებული სისტემის თამაშის წესებით მოქმედებს.

რეჟიმის სტაბილიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია საპროტესტო პოტენციალის სისუსტე. საზოგადოებაში არის კატასტროფული დეფიციტი სოლიდარული მოქმედებების უნარის და ძალიან ვიწრო დონე სამოქალქაო თვითორგანიზაციისა. ამის მიზეზებია როგორც ისტორიული მემკვიდრეობა, რაც განპირობებული იყო სამი თაობის განმავლობაში სოციალურად აქტიური მოქალაქის ფიზიკური განადგურების შიშით,(რამაც ბუნებრივია დატოვა თავისი კვალი) და აგრეთვე იმით რომ მოსახლეობის უმრავლესობა ყოველდღიურ მძიმე ბრძოლაშია ჩართული არსებობისთვის, რომელსაც მთელი ძალები და ენერგია მიაქვს. თუმცა მიუხედავად ამისა საზოგადოებაში გროვდება აღშფოთება და მღელვარება, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს აფეთქდეს და გადაიქცეს მასობრივ საპროტესტო მოძრაობად, რასაც ხელს უწყობს და აღვივებს ის რომ არ არსებობს სიღარიბისგან სოციალური დაცვისა  და დაქირავებული თანამშრომლების/მუშახელის უფლებების დამქირავებლისგან დაცვის მექანიზმები.

აუცილებელია საზოგადოების ეტაპობრივი თვითორგანიზება(უპირველეს ყოვლისა  მუშების და დაქირავებული თანამშრომლების), ცივილიზებული კოლექტიური მოქმედებების შედეგად. რათა მათ განავითარონ და აითვისონ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მეთოდები.  თუმცა სახეზეა ამ უნარების ნაკლებობა, რაც მწვავე უმართავი სოციალური აფეთქებების საფრთხეს აჩენს. რეალურად კი მხოლოდ ცივილიზებული კოლექტიური ქმედებების გაჩენა ქმნის პერსპექტივას ქართული საზოგადოების რადიკალური დემოკრატიზირებისათვის.

იმიტირებული დემოკრატია და დემოკრატიული ოპოზიციის პერსპექტივები

ფორმალურად საქართველოში ყველა ძირითადი ატრიბუტი არსებობს  დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოსი – დეკლარირებული სიტყვის და ბეჭდვის თავისუფლება,  მრავალპარტიულობა, რეგულარული თავისუფალი არჩევნები, ხელისუფლების დაყოფა, ფორმალური დამოუკიდებლობა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ადგილობრივი თვითმართველობებისა და ა.შ. თუმცა რეალურად დიდი ნაწილი ამ ინსტიტუტებისა და პრინციპების მხოლოდ ნომინალურად არსებობს და მათი მთავარი ფუნქცია მხოლოდ იმის დემონსტრირება არის, რომ ჩვენთან ”ყველაფერი ისეა როგორც ცივილიზირებულ ქვეყნებში”. დემოკრატიული ინსტიტუტები თანამედროვე საქართველოში დეკორატიული და იმიტირებულია.

ეს არ ნიშნავს, რომ მათი ამუშავება შეუძლებელია. პირიქით, მხოლოდ შეუპოვარი ბრძოლაა საჭირო რათა მივცეთ ამ ინსტიტუტებს რეალური შინაარსი, მივცეთ მათ საშუალება სრულფასოვნად იფუნქციონირონ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას თავიდან ავიცილოთ, როგორც ნახევრად ავტორიტარიზმის დიქტატურაში გადაზრდის საფრთხე ისე უმართავი სოციალური პროცესების და აფეთქებების წარმოშობა. ამის განსახორციელებლად საჭიროა დაჟინებული და ყოველდღიური მუშაობა დემოკრატიული ოპოზიციისა და  განსაკუთრებით მემარცხენე ძალებისა, როგორც ამ მოძრაობის პოტე ნციური ლიდერების და წარმმართველებისა. ლოზუნგის სახით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვჭირდება გრძელი მარში დემოკრატიისკენ.

მემარცხენეების ამოცანა

მემარცხენეების მოქმედების პროგრამა უნდა განისაზღვრებოდეს ზუსტად ამ ორიენტაციით გრძელი ბრძოლა დემოკრატიისთვის, თანასწორობისთვის და სამართლიანობისთვის. მემარცხენე პოსტულატების განვითარება და მისი გავლენის გაზრდა და დამკვიდრება საზოგადოებაში და პოლიტიკურ მეინსტრიმში, რაც ბუნებრივია სახელისუფლებო სტრუქტურებსაც გულისხმობს. ამის რეალიზებისათვის საჭიროა შემდეგი აქტივობები:

პარტიული მშენებლობის სფერო
მუშაობა პროფკავშირებთან
ბრძოლა ეკონომიკური დემოკრატიისთვის და სამართლიანობისთვის
მონაწილეობა სამოქალაქო თვითორგანიზირებაში
ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარება
საზოგადოების სოციალ-დემოკრატიული განათლება
მემარცხენე ძალებისა თუ ჯგუფების ერთიანი და კოორდინირებული მოქმედება.

ამ ღონისძიებების მეშვეობით, ქართველი მემარცხენეების მიზანია, ფართო დემოკრატიული კოალიციის შექმნა და არსებული სოციალურ-ეკონომიკური კურსის ცვლილება. მისი ჩაყენება მოსახლეობის უმრავლესობის და არა ფინანსურ-ბიუროკრატიული ელიტის ვიწრო ოლიგარქიული ჯგუფის ინტერესებში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s