Monthly Archives: ოქტომბერი 2014

ოქტომბერი

  • ყველაზე ცუდი იდეები დილის საათებში იბადება, განსაკუთრებით დილის 6-7 საათამდე, ოღონდ ერთი შესწორებით თუ ახალგაღვიძებული ხარ და არა როგორც ტრადიციულად დაწოლას რომ აპირებ. სწორედ ასეთ დროს დამებადა იდეა მომეძებნა ჩემი კლასელი რომელიც წლებია არ მინახავს, ხოდა ახლა მომიწევს ნახვა, მასაც მოვნატრებივარ.
  • გუშინ დილით(ცუდი იდეები რომ იბადება იმ დროს)  გადავწყვიტე შემედგინა ჩემი ბიუჯეტი. ბოლოს მივხდი რომ ეს არა ბიუჯეტი არამედ   მევალეების სიაა.
  • ახლახანს აღმოვაჩინე რომ ჩემი მეგობრების ნაწილს ყველაზე მეტად რაც ჩემგან აუთვისებიათ ეს ჩემი დამცივანი დამოკიდებულებაა ზუსტად ასეთი პოსტების მიმართ როგორსაც ახლა მე ვწერ. მიუხედავად იმისა რომ ვიცი ასე იქნება მზად ვარ ავიტანო.
  • რა მუსიკას უსმენ? არადა ზუსტად ვიცოდი რომ რედიოჰედის ფანი იქნებოდა, შევცდი, ტომ იორკის მოყვარული ყოფილა. ისე, თუ  კარგად დაუკვირდები, რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე თამამად  შეგიძლია  ამოიცნო, რედიოჰედის, ნიუ ორდერის თუ ტომ ვეიტსის ფანი გოგოები. მთავარი საიდუმლო იმ სიბრძნეშია რომელსაც თვალებში ამოიკითხავ,საბოლოო ჯამში  მართალი ყოფილა როდესაც ამბობენ თვალები სული სარკეაო.
  • გუშინწინ გავრცელდა ინფორმაცია ვიღაც მწერალზე რომელმაც დაწერა ისტორია იმაზე თუ როგორ ჩამოაგდეს ავტობუსიდან ებოლაზე ეჭვმიტანილი შავკანიანი ფრანგი, მოკლედ ეს ფაქტი ისეტი არგუმენტაციით გავაქარწყლე რომ მივხდი, კრიმინალური სერიალების ყურებას უშედეგეგოდ არ ჩაუვლია, რაც მთავარია ამის შემდეგ სხვებიც ამყვნენ, ორმაგად სასიხარულოა როდესაც ხვდები რომ მასებზე ზეგავლენა ისევ შეგიძლია, კიდევ უფრო მაგარია როდესაც ხვდები რომ საკუთარ თავს უნიჭიერესად ატყუებ.
  • ყველაზე მეტად მიხარია  გუნიას სამუშაო გრაფიკი,მიხარია როდესაც ადამიანი ყოველ ღამე კაცობრიობაზე ფიქრში ათენებს და შედეგად  საშუალება გვაქვს  დილის 5-9 საათამდე ჩვენი მიზანტროპულ ინტელექტუალური საუბრებით შეცვალოთ სამყარო , ეს საუბრები  აშკარად ერთადერთი დადებითია დილით რაც ხდება . როგორც უკვე დავწერე, არაფერი ჭკვიანური და საინტერესო დილით არ ხდება. ტყუილად არ დგებოდა ადოლფ ჰიტლერი დილაუთენია.
  • ყოველთვის მეგონა რომ ქალებს ფეხბურთზე ლაპარაკი არ შეუძლიათ, ბექემი მომწონს და იტალიის ნაკრებს კარგი და საყვარელი ფეხბურთელები ჰყავთ არ ითვლება, თუმცა უკვე ვიცი ვცდებოდი, სტერეოტიპებს არ უნდა ენდო. არსებობენ ლამაზი გოგოებიც რომლებმაც კარგად იციან ფეხბურთი, თუმცა ფეხბურთზე საუბარი მაინც რაღაცნაირი შეგრძნება ტოვებს ასეთ გოგოებთან.
  • ყოველთვის მეგონა რომ ყველაზე უინტერესო თემა რა? სად? როდის? ჩატარებული ტურების  შემდგომი გარჩევაა, ვისაც ჰქონია შეხება კლუბის წევრებთან მიხვდება რაზეა საუბარი. ახლა ვხდები რომ სიცრუეში მიცხოვრია, ყველაზე უინტერესო ფიტნესზე საუბარი ყოფილა, მითუმეტეს როდესაც  ამაზე საუბრობს ფილოსოფიით გატაცებული, ცვეტში ნიჭიერი და ნაკითხი ძმაკაცი საერთოდ კატასტროფა ყოფილა
  • ძმაკაცს ერთი საღვთო მოვალეობა აქვს, მაქსიმალურად დაიმახსოვროს  ყველა შემო პრომახი და შემდეგ ძალიან, რაც შეიძლება  ბევრჯერ შეგახსენოს, განსაკუთრებით ისტორიები სასიყვარულო,  ფრონტზე, თუმცა ზოგიერთი ძმაკაცის ისტორიები, ისეთ სტადიაშია,  რომ ცხარე ცრემლების გარეშე უკვე აღარ მოიყოლება.

ოჯახური ძალადობა და მისი გადაჭრის გზები (გიორგი გიორგიაძე)

ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიწერია, მაგრამ ამ საშინელებამ, ბოლო დროს რომ ფაქტიურად ყოველ დღე ვხედავთ და გვესმის – ოჯახურ ძალადობაზე მოგახსენებთ – მაიძულა კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი ამ პრობლემის მიზეზებზე და თქვენის ნებართვით, ჩემს ნააზრევს საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტან.

ესე იგი, თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ მე არ ვაპირებ ამ მოვლენის ფსიქოლოგიურ ან (მით უმეტეს) „კულტუროლოგიურ ანალიზს“. მეტიც – ჩემი აზრით პრობლემის გადატანა ფსიქოლოგიურ, კულტუროლოგიურ ან სამართლებრივ ჭრილში რეალურად ამ პრობლემიდან გაქცევაა რადგან ასეთი ანალიზი არც არაფერს გვაძლევს და არც არაფერს აგვარებს.

დიახ! მე თავს უფლებას მივცემ გავაკრიტიკო ყველა ის არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პრობლემას სამართლებრივ ან კულტურულ ჭრილში განიხილავს ისე, რომ საბოლოოდ ყველაფერი მთავრდება კარგად ცნობილი რიტორიკით „ბნელი ქართველების“ „მაჩო კულტურის“, „მოწყლვადი ჯგუფების“ და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრების აუცილებლობის შესახებ.

მე მესმის, რომ ამ ნარატივის გაკრიტიკება ფაქტიურად მთელი მეინსტრიმისთვის ხელთათმანის გალაწუნებას ნიშნავს. ეს კი ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობაა და ამიტომ, დეტალურად ავხსნი, თუ რატომ უნდა დავივიწყოთ ჩვენ კულტურული და სამართვებრივი ველები ამ პრობლემაზე ფიქრისას, ხოლო შემდეგ უკვე მოგახსენებთ იმასაც, თუ რაზე უნდა ვიფიქროთ რეალურად რომ დავძლიოთ ეს სამარცხვინო ტენდენცია.

მაშ ასე – დავიწყოთ თუნდაც სამართლებრივი ასპექტებით. გვეუბნებიან, რომ კანონმდებლობა რბილია და უნდა გავამკაცროთო. მეტიც – პოლიციელები ხშირად თურმე იმ კანონსაც კი არ იცავენ, რომელიც გვაქვს. დასკნა – გავამკაცროთ კანონმდებლობა და გადავამზადოთ პოლიციელები. კი ბატონო. გავამკაცროთ და გადავამზადოთ, მაგრამ ამით რა?

როდის ყოფილა, სასჯელის შიშს დანაშაული გაექროს? არადა ეს დანაშაული ისეთია, რომ ის დიახაც უნდა გაქრეს, ან, ყოველ შემთხვევაში იმდენად იშვიათი უნდა იყოს, რომ შეგვეძლოს ანომალიად ჩავთვალოთ.

ცხადია, საუბარი მაქვს მართლაც ოჯახურ ძალადობაზე და არა იმ შემთხვევებზე, როცა ოჯახი უკვე დაშლილია და ყოფილი ქმარი მაინც აგრძელებს ძალადობას ან მუქარას…

ამ შემთხვევაში პოლიცია მართლაც საჭიროა, მაგრამ ეს უკვე პრინციპში აღარ არის ოჯახური ძალადობა.

ჩვენ კი სწორედ ოჯახურ ძალადობაზე ვსაუბრობთ. დავუშვათ, პოლიციელმა მთელი სიმკაცრით დაიცვა კანონი და დასაჯა მოძალადე ქმარი პირველივე მიმართვის დროს. რას გვაძლევს ეს?  ეს არის დანაშაულის პრევენციის გარანტია? არადა ჩვენ სწორედ გარანტია, ან მასთან მიახლოებული სიტუაცია გვინდა. ვინ, სად და რომელ პლანეტაზე შეუჩერებია სასჯელის შიშს აფექტის ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, მით უმეტეს, რომ ამ დანაშაულს როგორც წესი ისეთი ადამიანები ჩადიან, რომელთა ფსიქიკური მდგომარეობა საერთოდ ცალკე შესწავლის თემაა?

ან რად უნდა ბევრი ფილოსოფია იმას, რომ პოლიციელის ჩარევის შემდეგ დასჯილ ქმარს (რამდენადაც შეიძლება ასეთ ნაძირალას ეს სიტყვა ვუწოდოთ) ასჯერ მეტად შეძულდება მისი ავადმყოფური გაგებით „ჩამშვები ცოლი“ და შეეცდება საერთოდ ჯოჯოხეთად გადააქციოს მისი ცხოვრება?

კარგად გამიგეთ – ეს არ არის ჩვეულებრივი ქუჩის ხულიგნობა, როცა დამნაშავე და მსხვერპლი ერთმანეთს არ იცნობენ და სავარაუოდ, არც არასდროს შეხვდებიან ერთმანეთს სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ. ამ ადამიანებმა ერთმანეთთან უნდა იცხოვრონ და უმრავლეს შემთხვევაში ბავშვებიც აღზარდონ.

რა თანაცხოვრებაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმის შემდეგ, როცა ერთი მეუღლე მეორეს პოლიციით აკავებს და მეორე პირველს დასანახად ვერ იტანს? ვის რად უნდა ასეთი ოჯახი? რა ფასი აქვს ასეთ თანაცხოვრებას? როგორ წარმოგიდგენიათ საერთოდ ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვების ბედი? რისთვის ვწირავთ მათ? ვინმეს უფიქრია ამაზე?

პოლიცია მოაგვარებსო, გვეუბნაბიან. მე მგონი დროა გავიგოთ, რომ როცა პოლიციაზე ლაპარაკი იწყება, იქ ოჯახზე ლაპარაკი უკვე დამთავრებულია. დამთავრებულია იმიტომ კი არა, რომ პოლიციის გამოძახება „ოჯახის დამცირებაა“, არამედ იმიტომ, რომ სიყვარულს პოლიცია და სასამართლო არ ჭირდება. თუ სიყვარულია, იქ პოლიციას არაფერი ესაქმება და თუ პოლიცია საჭირო გახდა, ესე იგი სიყვარული და ოჯახი უნდა დავივიწყოთ.

მაგრამ თუ ქალს წასასვლელი არსად აქვს? – შეიძლება მითხრას ვინმემ. დიახ, სწორედ ეგ არის ამ პრობლემის საფუძველი და სწორედ აქ უნდა ვეძებოთ გასაღები, მაგრამ მანამდე კულტურულ ასპექტებზეც მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა.

მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერება უნდა ავამაღლოთ და ლიბერალური ღირებულებები უნდა დავამკვიდროთო – ამბობს ზოგიერთი და ამტკიცებს, რომ პრობლემა ჩვენს „მასკულინურ“ კულტურაშია, სადაც ქალის მიმართ ძალადობა „საკმარისად“ (!!!) არ ყოფილა აკრძალული. დავუშვათ, ეს მტკიცება სიმართლის ნაწილს მაინც შეიცავს. დავუშვათ – და მერე რას გვაძლევს ეს პასუხი? ავიღოთ გრანტი, ჩავატაროთ ტრენინგი და ავუხსნათ საზოგადოებას, რომ ქალზე ძალადობა არ შეიძლება?

ეს არის პრობლემის გადაჭრის გზა?

ჯერ ერთი, თუ პრობლემა მართლაც კულტურაშია, კულტურული კოდის შეცვლას თაობები ჭირდება და დაველოოთ, სანამ ახალი თაობა მოვა?

ან კიდევ, საერთოდ ვინ დაადგინა, რომ ქართული კულტურა ქალის მიმართ ძალადობას ამართლებს? როდის, რომელ ქართველ მწერალს, რეჟისორს ან საზოგადოებრივ ავტორიტეტს გაუმართლებია ქალის ცემა ან მით უმეტეს, მკვლელობა?

კულტურა ამართლებსო, გვეუბნებიან 20-25 წლის „პროფესიონალი მოქალაქეები“ და ერთი მაგალითიც კი ვერ მოუყვანიათ, რომელიმე ქართულ ნაწარმოებში, ფილმში ან სპექტაკლში ქალის მიმართ ძალადობა გამართლებული იყოს ან  ავტორის სიმპათია მოძალადის მხარეს იყოს.

აბა, ეს არის კულტუროლოგიური ანალიზი?

ეს არის პრობლემის დაყენება?

ეს არის ლოგიკა?

ან ვინ იცავდა ძალადობისგან ქალს საქართველოში მანამ, სანამ პროფესიონალი უფლებადამცველები გამოჩნდებოდნენ თუ არა სწორედ კულტურა და ტრადიცია? ან იქნებ ვინმეს გონია, რომ საქართველოში ქალს ვინმე ასე ადვილად შეახებდა ხელს?

იქნებ ვინმეს გონია რომ საქართველოში ფემინიციდი „ჩვეულებრივი მოვლენა“ იყო? სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის სტატისტიკას მაინც გადახედეთ ისტორიულ და გენდერულ ჭრილში გენდერის საკითხებში უსაზღვროდ გათვითცნობიერებულებო…

ქართველების რელიგიაც „პატრიარქალურიაო“ – „აკონკრეტებს“ ზოგი. აი, პატრიარქიც ქალებს ქმრების მორჩილებისკენ მოუწოდებსო.

ჯერ ერთი, პატრიარქი კი არა, ბიბლია მოუწოდებს ქალს ქმრის მორჩილებისკენ და თუ ეს არის პრობლემა, მაშინ პატრიარქი კი არა, ბიბლია უნდა გავაკრიტიკოთ და მერეც მეორე – მაშინ ისლამი საერთოდ უნდა ავკრძალოთ, რადგან ყურანში პირდაპირ წერია რა შემთხვევაში აქვს ქმარს ცოლის ცემის უფლება, ხოლო მუსლიმანი თეოლოგები იმასაც კი აკონკრეტებენ, როგორ უნდა გააკეთოს მან ეს.

რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? რელიგიის კრიტიკა ჩვენთან არ შეიძლება (რადგან რელიგიის თეორიული კრიტიკა – ღმერთი ნუ მოგვასწრებს ამ დღეს და – თავად დემოკრატიის ლიბერალური გაგების ეჭვქვეშ დაყენებას ნიშნავს) რელიგიას ვერ ვაკრიტიკებთ, მაგრამ რელიგიის პოსტულატები არ მოგვწონს თურმე. თან პატრიარქს ვლანძღავთ, თითქოს ილია მეორე „დაბალი ღობე“ იყოს – სინამდვილეში ქრისტიანობა სხვა რამეს ამბობს, ოღონდ ილიას „ორთოდოქსულად“ ესმისო.

ერთი სიტყვით, აქაც ალოგიკურობა და სიყალბე, აქაც ფარისევლობა და „სირაქლემობა“ რაც ჩვენი საზოგადოების განათლებულ ნაწილს გაცილებით ჭარბად აქვს შეთვისებული, ვიდრე იმ „შავბნელ მასას“ რომელსაც ისინი აკრიტიკებენ. რელიგიის კრიტიკას ვერ ბედავენ და პატრიარქზე უნდათ „ჯოხის გადატეხვა“. არა ბატონებო: – ასეთი მიდგომით  კულტურა არ იცვლება. ან პირდაპირ უნდა თქვა, რომ ეს კონკრეტული რელიგია (ან რელიგია საერთოდ) რეგრესულია და ილია მეორე აქ არაფერ შუაშია, ან თავი უნდა დაანებო ამ „კულტუროლოგიურ ვარიაციებს“ და ისეთი გამოსავალი მოძებნო, რომელიც სამოქალაქო ომამდე არ მიგვიყვანს.

და მერე, განა ძნელია ამის გაკეთება? გამოსავლის მოძებნაზე მოგახსენებთ – მაგრამ თითქოს ყველამ პირი შეკრაო, ამ საზოგადო ორომტრიალში ყველაფერი გვესმის გარდა იმისა, რაც მართლა არის ამ სამარცხვინო და საშინელი ფაქტების საფუძველი.

არა და არა! გინდა თუ არა შეგნება ავამაღლოთო – კი მაგრამ, სად, როდის და რომელ საზოგადოებას ქონია ან აქვს იმხელა შეგნება, რომ 4 მილიონ ადამიანში ოცი, ან თუნდაც ოცი ათასი მოძალადე არ გამოერიოს? პერპეტუუმ მობილეს უფრო ადვილად შექმნის ადამიანი, ვიდრე ისეთ საზოგადოებას, სადაც მოძალადეები, არამზადები და დამნაშავეები არ იქნებიან. რა ვქნათ – უტოპიას გამოვეკიდოთ?

მერე კიდევ, ქართველები ბუნებით აგრესიულები არიანო. ეს უნდა დავძლიოთო. ბატონებო, ქართველები აგრესიულები კი არა, სამხრეთელები და შესაბამისად, ტემპერამენტიანები არიან, თუ ასე დავაყენებთ საკითხს ცალკე აგრესიას ვერავინ მოსპობს. აგრესია, როგორც ტემპერამენტის ნეგატიური გამოვლინება, მოისპობა ტემპერამენტთან ერთად. იმ ტემპერამენტთან ერთად, რომელსაც რომელიღაც ვიგინდარა თუ ცოლის მიმართ აგრესიაში ავლენს,  გალაკტიონ ტაბიძე გენიალურ ლექსებში „წვავდა“.

მოვსპოთ ქართული ტემპერამენტი?

ბარემ საერთოდ ყველაფერი ქართულიც ხომ არ მოგვესპო?

იქნებ საერთოდ ქართული საზოგადოებაც გაგვენადგურებინა – ასეთი „ბნელი“, „უვიცი“ და „აგრესიული“ ხალხის გამოსწორებას იმდენი გრანტი დაჭირდება, რომ მაგ ფულით ახალ ქვეყანასაც შექმნიდა კაცი…

…მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს პრობლემას და იქნებ არც ისე უიმედოდ იყოს ჩვენი საქმე. ზემოთ უკვე დავწერე, რომ პრობლემის საფუძველი „წასასვლელის არქონაშია“ თქო, თუმცა რეალურად მიზეზი მხოლოდ წასასვლელითაც არ შემოიფარგლება. აქ ჩვენ მივდივართ 20 წლის განმავლობაში ფაქტიურად „ტაბუდადებულ“ თემამდე – ეს თემა კი არის საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

დიახ – თითქოს რა უნდა იყოს ამაზე მარტივი – პასუხი, როგორც ამბობენ, თვითონ მოდის ჩვენთან, მაგრამ ჩვენ ამ პასუხის მიღება და ამ თემაზე ლაპარაკი არ გვინდა. რატომ ჩერდება ქალი ისეთ მამაკაცთან, რომელსაც არ უყვარს და რომელიც მასზე ძალადობს? ათასიდან ალბათ ერთი შემთხვევა თუ იქნება ისეთი, წყვილი იდილიაში ცხოვრობდეს და უცებ მამაკაცს თავში რაღაც „გადაუტრიალდეს“ და ქალზე ხელი აღმართოს. ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება. ძალადობა და მით უმეტეს მკვლელობა მხოლოდ ფინალური აქტია იმ ტრაგედიის, რომელიც ოჯახში წლების მანძილზე მიმდინარეობს. საკითხავია – რა აიძულებს ქალს მივიდეს ამ ტრაგედიის ფინალურ სცენამდე? რატომ არ შორდება ის მოძალადეს? პასუხი ყველამ ვიცით – იმიტომ, რომ მას არ აქვს წასასვლელი, ხოლო წასასვლელი არ აქვს იმიტომ, რომ პირადად მისი ფინანსური მდგომარეობა მას არ აძლევს დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას.

აქ კიდევ ერთხელ რომ არ გადავიჭრათ „გენდერულ“ და სხვა „საგრანტო“ სიბრტყეებში, დავაკონკრეტებ, რომ უმუშევრობის და უფულობის პრობლემა მხოლოდ ქალს არ უდგას. ხშირად პირიქითაც ხდება, რომ სწორედ ქალია ოჯახში „მარჩენალი“ და მამაკაცს არ შეუძლია (არ სურს) მისი დაკარგვა. ამიტომ ის აშანტაჟებს და აიძულებს მას ერთად ცხოვრებას, თუმცა პარალელურად ძალადობს კიდეც მასზე (თუნდაც სიმთვრალეში). ერთი სიტყვით, ასეთ ოჯახებს აკავებს სიღატაკე და გაჭირვება, რის გამოც წყვილი იძულებულია იცხოვროს ერთად იმის მიუხედავად, რომ მათი ცხოვრება ერთი დიდი ტრაგედიაა მეტ-ნაკლებად გათვლადი ფინალით.

სხვათა შორის, კანონმდებლებმა თითქოს დაინახეს კიდეც ეს პრობლემა და რამდენიმე დღის წინ კანონში ჩაწერეს, რომ თუ ქალს გაშორება სურს და წასასვლელი არ აქვს, სახელმწიფო მოძალადეს „გააგდებს“ თუნდაც საკუთარი სახლიდან და ქალს გადასცემს მის საკუთრებას, მაგრამ ეს პუნქტი, გარდა იმისა რომ უამრავი „აფიორის“ გათამაშების საშუალებას იძლევა, თავისთავადაც უცნაურია, რადგან გაურკვეველია, სად უნდა წავიდეს თავად მოძალადე. ცხადია, უსახლკაროდ დარჩენილი და მაწანწალად ქცეული ადამიანი გაცილებით აგრესიული და საშიში გახდება, რადგან მას დასაკარგიც კი არ ექნება უკვე არაფერი. დარწმუნებიული ვარ, ასიდან 99 შემთხვევაში ამ პუნქტის ამოქმედება კი არ აღკვეთავს დანაშაულს, არამედ პირიქით, შექმნის გამოუსწორებელ, საშინელ დამნაშავეებს, მაგრამ როგორც ჩანს ამდენი ფიქრი ჩვენ არ გვიყვარს .

მაგრამ ამ მიდგომის პრიმიტიულობა არ მდგომარეობს მხოლოდ მოძალადეების „პაუპერიზაციაშიც“ (ისე, ბარემ პირდაპირ ციხეში წაეყვანათ, ვიღაცის სიცოცხლეს მაინც გადაარჩენდნენ). ამ მიდგომაში „წასასვლელი“ გაგებულია თავისი პირდაპირი მნიშვნელობით ისე, თითქოს ადამიანს ჭერის გარდა არაფერი ჭირდებოდეს. დავუშვათ გაშორდა ქალი მოძალადე ქმარს და დავუშვათ კანონმა მას ყოფილი ქმრის სახლიც გადასცა (თავად ამ ყოფილ ქმარზე აღარ ვფიქრობთ – როცა საქმე გენდერულ ჭრილში იხილება, ამ შემთხვევაში დამნაშავის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა ჩვენი სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილისთვის აბსოლუტურად მისაღებია).

დავუშვათ მეთქი, რომ ყველაფერი ეს ასე მოხდა. რით უნდა იცხოვროს ამ ქალმა ამ, თუნდაც ვერსალის სასახლეში, თუ მას სამსახური არ აქვს? მოგეხსენებათ, ადამიანს კედლების ჭამა არ შეუძლია და მას შემოსავალი ჭირდება.

რა ვქნათ?

ზოგიერთი უფლებადამცველი იტყვის, სახელმწიფომ უზრუნველყოს სამსახურით, რამე პროგრამა გააკეთოსო.

კი ბატონო, ეს გამოსავალია, მაგრამ სასაცილო თუ სატირალი ისაა, რომ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მაინცდამაინც ქმარმა უნდა გცემოს, რომ სახელმწიფოს გაახსენდე და ყურადღება მოგაქციოს. კურიოზულია, მაგრამ ასეთ რეალობაში ის ქალები, რომლებსაც ქმარი არც სცემს, არც აგინებს და არც მოკვლით ემუქრება – ერთი სიტყვით ის ქალები, რომლებიც ქმარს უყვარს, ყველაზე დაჩაგრული და „არაპრივილეგირებული“ გამოდიან.

მაინცდამაინც თვალები უნდა ჩაულურჯდეს და ნეკნები დაემტვრას ქალს, სახელმწიფომ სულ ცოტა სოციალური პასუხისმგებლობა მაინც რომ აიღოს საკუთარ თავზე?

მაინცდამაინც პოსტ-ფაქტუმ უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფოს ფუნქცია მხოლოდ პოლიციის გამართული მუშაობა არაა?

პოლიცია პოლიციაო – იმეორებენ ყველა გამოსვლაში რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ბატონებო, პოლიცია პანაცეაში ხომ არ გეშლებათ? ან რა სიამოვნებას განიჭებთ ეს „უმკაცრესი“ და „პოლიციური“ ზომებით პრობლემის გადაჭრა – წესით პოლიცია ყოველთვის ბოლო ინსტანცია არ უნდა იყოს?

როგორ წარმოგიდგენიათ, რას იგრძნობს ბავშვი, როცა მამას „პოლიციაში წაიყვანენ“…დედის ცემის გამო? როგორ აისახება ეს მის ფსიქიკაზე? მოდით, საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ბავშვსაც აქვს ღირსების გრძნობა და შესაძლოა მისი მშობლის არაკაცობის „საქვეყნოდ გამოტანამ“ მას არანაკლები სულიერი ტრავმა მიაყენოს, ვიდრე  თავად კონფლიქტმა მშობლებს შორის.

ოჯახის და მშობლების თემა, ბატონებო, ძალიან ინტიმური და, როგორც დღეს ამბობენ, ძალიან სენსიტიური ფენომენია და არც ეს არის დასავიწყებელი. იქნებ ჯობია, პრობლემა მანამ მოვაგვაროთ, სანამ პოლიცია და უფლებადამცველები გამხდარან საჭირო?

იქნებ ჯობია, პრობლემა მანამ მოვაგვაროთ, სანამ საქმე იმდენად გართულდება, რომ ყველაზე კარგი გამოსავალიც კი უკვე ტრავმებს ტოვებს ბავშვის (და ქალის) ფსიქიკაზე?

რასაკვირველია, ფორსმაჟორულ სიტუაციაში ქალმა დიახაც უნდა გამოიძახოს პოლიცია და პოლიციამაც მყისიერად უნდა მოახდინოს რეაგირება, მაგრამ რატომ თვლით, რომ ფორსმაჟორამდე მისულ სიტუაციაში ქალი უკვე მსხვერპლი არაა?

რატომ წარმოგვიდგენთ „სტრატეგიად“ იმას რაც სიმანდვილეში მხოლოდ უკანასკნელი ზომა შეიძლება იყოს და არა მთავარი სტრატეგია, გნებავთ – პოლიტიკა?

განა არ ჯობია, სტრატეგია იმაზე გავთვალოთ, რომ პოლიციამდე საქმე არც მივიდეს და პრობლემა ქალმა ჩანასახშივე გაანადგუროს მოძალადესთან გაშორებით?

ჯობია, მაგრამ პოლიციაზე ლაპარაკი ძალიან „მომგებიანია“ მათთვის, ვისაც პრობლემის ღრმა და რეალური ანალიზი არ შეუძლია. მეტიც – ღმერთმა დაიფაროს ჩვენი არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი სოციალურ თემას შეეხოს. ეს თემა ისეთი გაუვალი ტყეა მათი უმრავლესობისთვის (მადლობა ღმერთს – ეს ყველას არ ეხება), რომ შიგ თუ შევიდნენ, გამოსვლას ვეღარც მოახერხებენ. ან მერე კიდევ – ვინ მოგცემს გრანტს სოციალურ პრობლემატიკაზე საუბარში? ეგ კი არა და, შესაძლოა კომუნისტობაც დაგაბრალონ და აქედან სტალინის ფარულ თაყვანისცემაში „მხილებამდე“ და მარგინალიზაციამდე უკვე ერთი ნაბიჯია.

მართლაცდა, რატომ არ უნდა დავივიწყოთ ეს სოციალური თემა? მარქსისტები ხომ არ ვართ? პრობლემა მარტივია – ქალებს კლავენ. ესე იგი კაცები ბოროტები არიან. ქართველი კაცები ხომ საერთოდ ანთებულ ბოროტების მაშხალებს გვანან. რა სოციალური მდგომარეობა, რის ფინანსური გაჭირვება. ჩავუტაროთ კაცებს ტრენინგი, დავთრგუნოთ ტემპერამენტი, გავავრცელოთ ლიბერალური ღირებულებები – ვინც გამოსწორდება, გამოსწორდება – ვინც არა, სახლიდან გავაგდოთ, მაწანწალად ვაქციოთ, უმკაცრესად დავსჯოთ, ციხეებს გავავსოთ, მერე ციხეებში მათ უფლებები დავიცვათ, დამატებითი ტრენინგები ჩავუტაროთ და ასე…აშენდება ქვეყანა…როგორც ვაშენებთ პრინციპში ოცი წელია…

არადა რა გენიალურად მარტივია გამოსავალი, მეგობრებო!

სინამდვილეში არავის ჭირდება არც მოსამართლის ორდერით შენარჩუნებული ოჯახი და არც პოლიციელის შიშით გაჩერებული ქმარი.

ქალი – ზოგიერთ „უფლებადამცველს“ მინდა მივმართო – თქვენ წარმოიდგინეთ და, პიროვნებაა, რომელსაც საკუთარი ღირსება და თავმოყვრეობა აქვს.  მეტიც – გაგიკვირდებათ და, თავისი ფიზიკური სისუსტიდან გამომდინარე ქალს თავმოყვარეობის და ღირსების გრძნობა, შესაძლოა მამაკაცზე მეტად გამძაფრებულიც კი ქონდეს. ასე, მაგალითად, თუ მამაკაცს მეტ-ნაკლებად ადვილად შეუძლია შეურიგდეს პიროვნებას, რომელმაც მას ხელი დაარტყა, ქალის შინაგან სამყაროზე ფიზიკური ძალადობა ისე მოქმედებს, რომ მას ძალიან იშვიათად შეუძლია მამაკაცს ძალადობა აპატიოს.

რატომ ვწერ ამას? იმიტომ, რომ ნუ უხატავთ მას იდეალურ გამოსავლად პოლიციელის გამოძახებას, რომელიც მოძალადეს შეაშინებს. ამით ხომ მას იმასაც ეუბნებით, რომ ის ფაქტიურად ამ კაცთან უნდა დარჩეს საცხოვრებლად. არადა ეს ქალისთვის გაცილებით აუტანელი ტრავმაა, ვიდრე თუნდაც ის ფიზიკური ძალადობა, რომლისგანაც თითქოს მას პოლიცია და იურისტები დაიცავენ.

ქალს მოძალადე ქმარი კი არ უნდა შეუშინოთ, ბატონებო (და შეშინებული ქმარი კიდევ ცალკე ფენომენია, რომელთან ცხოვრებაც ალბათ მხოლოდ „განსაკუთრებულად დატრენინგებულ ქალებს“ შეუძლიათ) არამედ უნდა შეუქმნათ მას ისეთი პირობები, რომ სამუდამოდ მოშორდეს ასეთ არამზადას! ის აღარ არის უკვე მისი ქმარი! რა წუთშიც მამაკაცი ქალზე ხელს აღმართავს, ის აღარ არის არც ქმარი და არც კაცი საერთოდ (ეს – მათ გასაგონად, ვინც გვეუბნება რომ საქართველოში ქალის ცემა „კაცურობად“ ითვლება).

მამაკაცი, რომელიც თავის მეუღლეს, თავისი შვილების დედას ან საზოგადოდ ქალს ხელით შეხებას გაუბედავს, ქალისთვის უკვე მკვდარია. მკვდარია ის ოჯახიც, სადაც ეს ხდება და რატომ ამცირებთ ასე ქალს, ქალის პიროვნებას, ძვირფასებო და უზომოდ კორექტულებო, როცა ეუბნებით, რომ არ გამორიცხოს ამ ჯოჯოხეთში დარჩენა და „თუ რამე“ პოლიციას დაურეკოს?

შეუნარჩუნეთ ქალს ღირსება, თუ საერთოდ გიღირთ რამედ ეს სიტყვა, მსოფლიოში ყველაზე კაცთმოყვარეებო, იმიტომ რომ ღირსება ფიზიკურ უსაფრთხოებაზე მცირე სიკეთე არ არის. შეუნარჩუნეთ ქალს ღირსება იმით, რომ მიეცით მას თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს, უნდა თუ არა თავის ქმართან ცხოვრება.

როგორ?

როგორ და მოითხოვეთ სოციალური ფონის გამოსწორება! მოითხოვეთ ეს და სწორედ ეს! მიეცით ქალებს, ზოგადად ადამიანებს დამოუკიდებლად და ღირსეულად ცხოვრების საშუალება და ქალი იმაზე ადრე მოშორდება მოძალადე ქმარს, ვიდრე პოლიციის გამოძახება გამხდარა საჭირო.

აი, ეს არის ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა. სანამ არ გამოსწორდება სოციალურ-ეკონომიკური ფონი, სანამ ადამიანებს ტანჯავს არსებობის პრობლემა, მანამ ვიქნებით ოჯახური ძალადობის მოწმენი.

ოჯახურს ვამბობთ, თორემ ის, სადაც ძალადობა ხდება არც არის ოჯახი. სადაც ქმარი ცოლზე ძალადობს და ცოლი ქმარზე (ასეც ხდება ხანდახან) იქ ოჯახის აჩრდილიც კი აღარ არის დარჩენილი. ეს არის საუკეთესო შემთხვევაში ოჯახის ნეშტი, გვამი, რომელიც მთელი საზოგადოების წინაშე უპატრონოდ გდია და ნელ-ნელა იხრწნება. ჩვენ კი, საზოგადოება, მანამ არ ვაძლევთ ქალს ამ გვამის დამარხვის საშუალებას, სანამ თვითონ ქალი არ ხდება დასამარხი.

აი სწორედ აქ უნდა მივეხმაროთ ქალებს, რადგან ვინ იცის, რამდენი ასეთი გახრწნილი და დასამარხად გამზადებული (თუ დაგვიანებული) „ოჯახია“ ჩვენს საზოგადოებაში. ვინ იცის რამდენი ტრაგედია თამაშდება ახლაც ამ ოჯახებში – ჩვენ კი მარტო ფინალურ სცენებს ვნახავთ ეკრანზე და პოლიციას ვუსაყვედურებთ.

რა პოლიცია, ბატონებო და რის სასამართლო?

ან კიდევ, რა „მასკულინური კულტურა“ და რა „ფემინური კონტრკულტურა“.

რა „ექსტენსიური სექსიზმი“ და რა „კონტრპროდუქტიული სეგრეგაცია“ – ფოლოსოფოსობანას ვთამაშობთ?

თამაშის დროა?

დაანებეთ ამ ინტელექტუალისტური ფრაზებით ჟონგლიორობას თავი. შეეშვით ისეთი სიტყვების წაღმა-უკუღმა ტრიალს, რომელთა მნიშვნელობა თავად არ გესმით. ნუ ლაპარაკობთ კულტურაზე, მით უმეტეს, როცა თქვენი განათლება და კომპეტენცია  კულტურის სფეროში აშკარად არ იძლევა ამ ლაპარაკის საშუალებას და მოდით ყველამ ერთად გავაკეთოთ საქმე.

მოდით, შევეცადოთ და მივცეთ ადამიანებს არსებობის საშუალება. შევეცადოთ შევქმნათ პირობები რომ ადამიანებმა დამოუკიდებლად არსებობა შეძლონ. ვიმოძრაოთ აქეთ და ნახავთ, როგორ საპნის ბუშტივით გაქრება ოჯახური ძალადობა.

ძნელია? რა თქმა უნდა, ძნელია. ყოველ შემთხვევაში, გაცილებით ადვილია ყველაფრის მღვდლებზე დაბრალება და ტრენინგების ჩატარება, მაგრამ ამით ეს პრობლემა არ მოგვარდება!

ერთადერთი „ტრენინგი“ რაც შეიძლება აქ მართლა დაგვჭირდეს არის მხოლოდ იმის ახსნა და, უფრო სწორად, იმის აღიარებაში დახმარება, რომ დაშორება არ არის არც ტრაგედია და არც „სირცხვილი“.

დიახ – ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაღიაროთ და შევთანხმდეთ, რომ ადამიანები შესაძლოა ერთად იყვნენ, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ დაშორდნენ და ამაში ტრაგიკული არაფერია. პირიქით – ტრაგედია და სირცხვილი სწორედ იმ „ერთობის“ შენარჩუნებაა, რომელსაც ურთიერთპატივისცემა და ურთიერთსიყვარული არ ამაგრებს. ეს უნდა გაიგონ ქალებმაც და უნდა გაიგონ მამაკაცებმაც, რადგან ხშირად მამაკაციც არის ქალის მხრიდან (როგორც წესი – ფსიქოლოგიური) აგრესიის მსხვერპლი. მამაკაცებსაც ჭირდებათ იმის გაცნობიერება, რომ თუ ისინი თვლიან, რომ ქალი მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობს, მას ამცირებს ან მის ღირსებას შეურაცხყოფს, უმჯობესია ასეთ ქალს მაშინვე გაეყარონ და არავითარ შემთხვევაში არ გადავიდნენ საპასუხო აგრესიაზე.

ეს ძალიან, ძალიან ცუდად მთავრდება და მერე, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მამაკაცი თავად იყო კონფლიქტის ინიციატორი, თუ ქალის გამოწვევას „უპასუხა“ – ასე იყო თუ ისე, მკვლელობის გამართლება შეუძლებელია!

აი, ეს იყო, ბატონებო და ქალბატონებო, რისი თქმაც მსურდა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, ხოლო რამდენად სწორად ან არასწორად ვხედავ მე ამ პრობლემას და მისი გადაჭრის გზას – ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია.

სექტემბერი

  • წესით უკვე უნდა ვმუშაობდე. წესით, მაგრამ როგორც ალბათ ხვდებით არ ვმუშაობ, ცხოვრებისეული არჩევანი მაქვს და მიხარია  მოლოდინის რეჟიმი თან სულაც არ არის აღმოჩნდა ტანჯვის ერთ-ერთი დახვეწილი ფორმა.  შედეგად მხოლოდ ორი მიმართულებით მაქვს გარღვევა, ვალების ზრდის და თანაგრძნობის. მეორე ბევრად საშინელია.

10629682_10204616640881223_5688253056576983932_n

  • მოსკოვში, თბილისობას,  აღნიშნავს პატრიოტიმომღერლები. აი ის სასტავი, 25 თებერვალს რომ აღშფოტებისგან ცოფდებიან.  ამ ფაქტს  აღშფოთების რამდენიმე ტალღა მოჰყვა  ფეისბუკში, ლიბერალი პატრიოტების-  როგორ გაბედეს ვინმემ  მოსკოვში სიმღერა.  ოცნების პატრიოტების-რატომ ნაცების კარის მომღერლებს არ აკრიტიკებთო და სხვა მომღერლების , ამ ნაცებს რატომ აძლევთ ფულს როდესაც ჩვენც მზად ვართ გავიყიდოთო.
  • ცინიზმის ახალი ლეველზე ვარ, საკუთარი თავის დატროლვა დავიწყე, პოლიტიკური და პირადი წარმატებების აღსანიშნავად. მინდა ავღნიშნო რომ ამ საქმეშიც შესაშური ნიჭი მაქვს.
  • ბლოგზე დაწერას ვცდილობ ყოველ დღე მაგრამ ქვეყნის ბედზე ყოველდღიური ფიქრი ამის საშუალებას არ მაძლევს.
  • გავიზარდე, ზუსტად ერთი წელია(რიჟა ბაზარია ზუსტი თარიღი არ ვიცი)  რაც აღარ ვცდილობ ყოფილებს შევურიგდე.
  • პრემიერ მინისტრი აგრძელებს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დანერგილ პრაქტიკას და მედიასთან ურთიერთობის ნოვატორულ მეთოდს, აღმზდელობით პედაგოგიკას  კიდევ უფრო დიდი სიხშირით იყენებს ვიდრე ბატონი ბიძინა იყენებდა.
  • თავისუფალი ზონის აქტივისტებმა ასავალ დასავალის ჟურნალისტი სცემეს, პაციფისტებმა, ჰიპებმა და ლიბერალებმა სიხარულით აღნიშნეს რომ რადგან ასავალის ჟურნალისტი ეთიკურ სტანდარტებს არ იცავს ე.ი მოსულა ცემაო.
  • ძალიან მიხარია, საკაიფო აღმოჩენა გავაკეთე ბატონი რევაზ ამაშუკელი ძალიან ჩამოჰგავს კორადო სოპრანოს, იმდენად გამიხარდა ეს ამბავი რომ მივხდი ცუდად მაქვს საქმე.

Untitled

  • პირველად როდესაც ვალენსიამ საკაიფო თამაშის ჩვენება დაიწყო და ჩემი საყვარელი გუნდი გახდა მაშინ 15 წლის ვიყავი ახლა დაახლოებით ამდენივე წლის შემდეგ იმედი გამომიჩნდა. რაღაც ხდება.