Category Archives: მამათა და შვილთა ბრძოლა

მამათა და შვილთა ბრძოლა–2011

მამათა  და შვილთა ბრძოლა ბოლო პერიოდში  ხშირად ხდება  ქართული ვირტუალური სივრცის მთავარი თემა.  როგორც წესი,  აქტიურად განიხილება პროგრესული ახალი თაობისა და კონსერვატორული მამების  დაპირისპირების პერიპეტიები. ერთ მხარეს, აქტიური ახალგაზრდობაა,  რომელიც ვირტუალური სივრციდან ცდილობს იბრძოლოს საკუთარი იდეების დასამკვიდრებლად, მეორე მხარეს, სხვადასხვა შავრაზმული პრესიდან მოსაუბრე  ქართული აკადემიები და  N რაოდენობის ეროვნულმართლმადიდებლური ორგანიზაციებია, თუმცა, რეალურად, არავითარი მამათა და შვილთა ბრძოლა არ მიმდინარეობს.  ეს ბრძოლა არცთუ დიდი ხნის წინ არც კი დაწყებულა, ისე დასრულდა შვილების გამარჯვებით, ქვემოთ ვეცდები ჩემი მოსაზრების განმტკიცებას.

მამათა და შვილთა ბრძოლის თემა ქართულ ისტორიოგრაფიაში აქტიურად არის დაკავშირებული ილია ჭავჭავაძის სახელთან, რომელიც მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში დაუპირისპირდა იმდროინდელი მამების (გრიგოლ ორბელიანის მეთაურობით) თაობას, შედეგად, აქტიური დაპირისპირება შვილების გამარჯვებით დასრულდა, რომლთა ერთერთ მიღწევად განიხილება  ქართული ენის რეფორმა.  საინტერესოა ის ბრძოლაც, რომელიც ასევე შეიძლება  მამათა და შვილთა ბრძოლის ჭრილში განვიხილოთ.  ეს არის  მე–19 საუკუნის ბოლოსა და 20–  საუკუნის დასაწყისში დაწყებული ბრძოლა  ილია ჭავჭავაძის მეთაურობით მყოფ  პირველ დასელებსა (პირველი ბრძოლის გამარჯვებული მონაწილეები)  და ახალგაზრდა სოციალდემოკრატებისმესამე დასსშორის, აქ  საინტერესოა ის ფაქტი, რომ   საბჭოთა ისტორიოგრაფია ბევრად უფრო კეთილგანწყობილი ნაციონალისტი ილია ჭავჭაძის მიმართ იყო, ვიდრე მარქსისტი მესამე დასელების მიმართ.  ბრძოლა ილია ჭავჭავაძის სიკვდილის შემდგომ შეწყდა და გამარჯვებულად თავიდან მესამე დასელები გამოჩნდნენ, ხოლო შემდგომ რაღა თქმა უნდა ილია მართალი, რომლის გენიალურობას საშური ერთსულოვნებით  აღიარებს, როგორც სტალინური ისტორიოგრაფია, ასევე მისი მემკვიდრე ქართული ისტორიოგრაფიაც.
თანამედროვე არარსებული ბრძოლის სადავეები საბჭოთა კავშირიდან გამომდინარეობს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მისგან მიღებული  ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, როგორც დისიდენტური მოძრაობისთვის, ასევე ძველი საბჭოური ნომეკლატურისთვის, რომ მათ, ფაქტობრივად, დიდი სიამოვნებით გადაულოცეს მართვის სადავეები  პირველივე ახალ თაობას, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ხელისუფლების ხელში ასაღებად. მექანიზმის გაგებაში კარგად დაგვეხმარება 1979 წელს ლონდონში გამოსული მარკ რაკოვსკის  წიგნისაღმოსავლეთ ევროპული მარქსიზმის სათავეებთანგამოთქმული ძირითადი მოსაზრება,  რომელიც ხსნიდა ოფიციალური ოპოზიციის დეგრადაციას.  ოფიციალური იდეოლოგიის კრიზისის პირობებში, როდესაც ძირითადი იდეოლოგია დისკრედიტირებულია, ხოლო სხვა იდეოლოგიის გასაგებად ინფორმაციული წყაროები დაკეტილია, სხვა არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ ინფორმაციის წყაროდ გამოყენებული იქნას ოფიციალურ წყაროებში არსებული ინფორმაცია. მაგ.: იმისთვის რომ გახდე ლიბერალი, საჭიროა გაიგო ინფორმაცია ლიბერალიზმზე, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალური წიგნებიდან, შედეგად ლიბერალიზმზე ინფორმაციები ამოიკრიფება  წიგნებიდან, სადაც ეს იდეოლოგია წარმოდგენილია ძირითადად კარიკატურულად,   არადეკვატურად, მისი მისია ხომ   ოფიციალური იდეოლოგიის გამართლებაა. შედეგად  ოფიციალური ოპოზიცია მაქსიმალურად დაემსგავსა იმ ფანტომს, რომლებზეც გამწარებული წერდა ოფიციალური ისტებლიშმენტი.
ჩვენს შემთხვევაში ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, როდესაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ თითქმის უპრობლემოდ გადააბარა ქვეყნის მართვის სადავეები ახალ თაობას, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავდა ოფიციალურ საბჭოურ  დოქტრინებში არსებულ  კარიკატურულ სახეებს,  სწორედ, მამების თაობის  პოსტსაბჭოურმა ტრავმამ და არსებული ინტელიგენციის უუნარობამ მისცა შვილების თაობას სრული კარტბლანში, შედეგი  ვარდების რევოლუცია და 2003 წლიდან სრული და ტოტალური გამარჯვება მამების თაობაზე.
საერთოდ, მამათა შვილთა ბრძოლას მაშინ აქვს აზრი, როდესაც საზოგადოებაში  მამების თაობის  მდგომარეობა  და მოსაზრებები დომინანტურია , ხოლო შვილების თაობას  გააჩნია იდეები და მოთხოვნილებები, რომელთა ცხოვრებაში გამოყენება გართულებულია.  ჩვენთან  კი მამების თაობის მოსაზრებები არამარტო მარგინალურია თავისი ბუნებით, არამედ არანაირ როლს არ თამაშობს  საზოგადოებაში, მათ ძირითადად საფრთხობელის როლი გააჩნია. ასავალდასავალიდან და ქრონიკის ჟურნალებიდან გადმოცემული იდეები, თავად ამ იდეების ავტორებშიც,  სრული სასოწარკვეთილების შეგრძნებას ტოვებს.
დღეს ბორტს გარეთ მამების თაობაა  დარჩენილი და არა შვილების თაობა რომლებიც, არამარტო ეკონომიკურ ცხოვრებაში ფლობენ დომინანტურ როლს, არამედ, უკლებლივ ყველა  სექტორში,  დაწყებული  სახელისუფლებო ვერტიკალით და დამთავრებული კულტურის სხვადასხვა სფეროებით,აღნიშნული სფეროთა უმეტესობა, სწორედ , ახალგაზრდებითაა  დაკომპლექტებული.
შესაძლოა, ძალიან ბევრი ჩვენი პრობლემა, სწორედ, იქედან გამომდინარეობს,  რომ  მამების თაობამ უბრძოლველად გადმოგვაბარა ქვეყნის მართვის სადავეები, ფაქტია, რაც არ უნდა გვინდოდეს პროგრესისტებს დაპირისპირებაბნელი  მამების თაობასთან, ბრძოლას მაშინ აქვს აზრი, როდესაც მოწინააღმდეგეს გააჩნია უნარი, არამარტო იბრძოლოს, არამედ მოიპოვოს გამარჯვებები, ეს კი თანამედროვე პირობებში გამორიცხულია. შვილებმა სრული გამარჯვება მოიპოვეს მამებზე და ახალ თაობათა ბრძოლის დაწყებამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი შვილების თაობის ახალგაზრდობის გამო.
ამ მოსაზრების გააზრება, ფაქტობრივად,  მთლიანად ცვლის თანამედროვე ქართულ მოდერნიზაციულ თეორიებს,  საჭიროა სრულიად სხვანაირად გადააზრება არსებული თეორიების,  რომლებიც ძირითადადბნელიმამების თაობათა დაპირისპირებაში გამოიხატება. საჭიროა ქვეყნის განვითარების სხვადასხვა  თეორიის მორგება რეალობასთან, რომელიც გულისხმობს არა ტრადიციულ დაპირისპირებასკონსერვატორი მამებიvsპროგრესული შვილები”, არამედ დაპირისპირებას უკვე თავად შვილების სხვადასხვა თაობებს შორის.