ახალი პრემიერი
2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უკვე მესამე პრემიერი გვყავს, ერთ წელიწადში მოულოდნელად გადამდგარი ბიძინა ივანიშვილს , 2015 წლის ბოლოს ასევე მოულოდნელად გადამდგარი მისი შემცვლელიც ირაკლი ღარიბაშვილიც მიჰყვა ოცნების გუნდს სხვა არჩევანი არ დარჩა გარდა იმისა რომ პრემიერობის ახალ კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი წარმოედგინა.
გიორგი კვირიკაშვილის მიმართ რთულია რაიმე პოზიცია გამოხატო, ერთის მხრივ რაც საყოველთაო მოწონებას იმსახურებს მისი ჰაბიტუსია რომელიც ლიბერალების ჩათვლით ყველამ მოიწონა, განსაკუთრებით ეს სხვაობა ღარიბაშვილის ხისტი და კონფრონტაციული მანერის ფონზე ჩანს , ასევე ბევრს მოსწონს მისი ეკონომიკური ლიბერალური შეხედულებები, რომელიც პირობითად შეიძლება მოვნათლოთ როგორც კარგი და მისაღები ნეოლიბერალიზმი.
აქ ვფიქრობ განმარტების დროა,ალბათ შეგიმჩნევიათ მემარცხენეებში ძალიან დიდია ცდუნება ნეოლიბერალიზმის თემით სპეკულირების, ჯერ ერთი იმიტომ რომ ეს ძალიან მარტივი მეთოდია საკმაოდ რთული თემებს უმარტივესი მეთოდოლოგიური ახსნა მოუძებნო და რაც ასევე მნიშვნელოვანია გამარჯვებულობის შეგრძნებაც შეინარჩუნო, ასევე მეორეს მხრივ თანამედროვე ნეოლიბერალურ სამყაროში, მითუმეტეს პოსტ საბჭოთა ქვეყნებში სხვა ალტერნატივები როგორც წესი არც არასოდეს არსებითად არ განხილულა.
თუმცა, სინამდვილეში საქმე რათქმაუნდა ეგრე მარტივად არ არის, ამის ყველაზე კარგი მაგალითად, ჩვენი რეგიონის ალბათ ყველაზე წარმატებული ნეოლიბერალური მთავრობის, სააკაშვილის მთავრობის ქეისი გამოდგება, იყო თუ არა სააკაშვილის მთავრობა ნეოლიბერალური იდეების გავლენის ქვეშ? უდაოა, რაღათქთმაუნდა იყო თუმცა, იყო აქვე ჩნდება შეკითხვა იყო თუ არა მისი მეთოდები ნეოლიბერალური? რათქმაუნდა არა, სააკაშვილის გუნდის მეთოდები იმის მიხედვით იცვლებოდა თუ რა საჭიროება იდგა, თავდაპირველად ჩვენს მთავრობას ნამდვილად კლასიკური გზა ჰქონდა არჩეული რომელიც კინაღამ 2007 წელს ხელისუფლების ნაადრევი სახლში გაშვებით დასრულდა, ეს შეცდომა კარგად იქნა გააზრებული და უკვე 2009 წლის შემდეგ ხელისუფლება აშკარად სულ უფრო მზარდად იყენებდა ადმინისტრაციული კონტროლის მეთოდებს და ეკონომიკაში სახელმწიფოს მზარდ ჩარევას, შედეგად მეტნაკლები ეკონომიკური ზრდა და მოსახლოების, ბიზნესის და თითქმის ყველა სოციალური ჯგუფების სულ უფრო მზარდი გაბრაზება და რასაც შედეგად 2012 წლის ამბებიც მოჰყვა.
იმავე პერიოდში კარგად მახსოვს, სულ მუსირებდა იდეა, რომ არსებობს ნამდვილი, კარგი ნეოლიბერალიზმი, ანუ კარგი მიშიზმი, მიშისტური დიადი საქმეები, წამების და ბიზნესის ტერორის გარეშე, დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას რომ მსგავსი იდეების წარმომადგენლებისთვის ოქროს ერა დადგა, შეიძლება ამ ხალხისთვის ცოტა უხერხულობას იწვევდეს, ახლანდელი პრემიერის ღრმად რელიგიურობა რომელიც მაგალითად როგორც ამბობენ კაზანტიპის ფესტივალად დაგვიჯდა, მაგრამ მთავარი მაინც ძირითად იდეებში თანხვედრაა.
თუმცა მთავარი უხერხული შეკითხვები მაინც მაშინ ჩნდება როდესაც სტატისტიკას უყურებ და აღმოაჩენ რომ საქართველოს ეკონომიკა პრინციპში მაშინ იზრდებოდა როდესაც, მსოფლიო გლობალური ტრენდი აღმავალ ფაზაში იყო და ეკონომიკაში სახელმწიფოს მზარდი ჩარევა იყო და მაშინ ნელდებოდა როდესაც გლობალური ეკონომიკა კრიზისში შედიოდა და სახელმწიფოს ჩარევაც მცირდებოდა.
თუმცა, წესიერ ნეოლიბერალებს, ანუ იმ ხალხს ვისაც უბრალოდ არ სჯერა რომ სახელმწიფოს შეუძლია რაიმე დადებითი შექმნას, ერთი კარგი თვისება აქვთ, რაღაცით ჯადოქრებს ჰგავენ რომლებიც რაღაც შელოცვებს ამბობენ რომლებსაც უბრალოდ წარმოთქმის შემდეგ ეძლევათ ძალა, მაგალითად ასეთი მრავალწლიანი შელოცვაა, გიგანტური ოდენობის ინვესტიციების მოლოდინი, ან მაგალითად როგორც დიმიტრი ქუმსიშვილის ამ დღეებში გაკეთებული განცხადება, “კერძო სექტორი არის ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა”,ან ის მოლოდინები რომელიც სხვადასხვა გლობალურ პროექტებში ჩვენს ჩართვას უკავშირდება, მოკლედ ამ შელოცვებს ერთი კარგი თვისება აქვთ, არ არის გამორიცხული ეს შელოცვები დაემთხვას, გლობალური ეკონომიკური სტაგნაციის დასასრულს და ჩვენი ეკონომიკური ზრდაც გაგრძელდეს თუ არადა ყოველთვის შეიძლება იმის თქმა რომ დამნაშავე 2012 წლის შემდეგ 300 მილიონი ლარით გაზრდილი ჯანდაცვის ხარჯებია, ხო მიშას დროს ჯანდაცვის ხარჯები 2012 წელს თითქმის 400 მილიონს აღწევდა(ანუ წყალში იყრებოდა) ეხლა კი 2015 წელს 700 მილიონის ფარგლებში მერყეობს და მეტნაკლებად მოსახლოების კმაყოფილებას იწვევს, რაც თვით ენდიაის კვლევებში აისახება.
თუმცა ყველაფრის მიუხედავად ვუსურვებ ჩვენს ახალ პრემიერს წარმატებას,შეიძლება ჩემი და ჩემი მეგობრების კრიტიკული დამოკიდებულება იმის ფონზე რომ თავს ხელისუფლების მომხმრეებად მივიჩნევთ უცნაურად ჟღერდეს მაგრამ ამ დროს ვუდი ალენის სიტყვები მახსენდება, “ეს თქვენთვის ვარ ათეისტი თორემ ღმერთისთვის ლოიალური ოპოზიცია ვარ” .
p.s 2015 წელი ჩემი ბლოგის არსებობის ისტორიაში ყველაზე ნაკლებად დატვირთული წელი იყო, პრინციპში ცოდვა გამხელილი სჯობს არც მანამდე გამოვირჩეოდი ხშირი განახლებებით მაგრამ 2015-ში ამ ყველაფერმა თავის ფსკერს მიაღწია, სულ რამდენიმე მცირე პოსტის გარდა თითქმის არაფერი დამიწერია, თუმცა ამიერიდან ამის შეცვლას ვაპირებ, ვფიქრობ და გადაწყვეტილი მაქვს, ბევრად ხშირი განახლებები მქონდეს, ძირითადი თემა რაღათქმაუნდა პოლიტიკა იქნება თუმცა შესაძლოა პერიოდულად ისეთი თემები დაემატოს რაშიც პრინციპში მეტნაკლები კომპეტენცია გამაჩნია, შეიძლება ეს იყოს სხვადასხვა სერიალები, კომპიუტერული თამაშები თუ უბრალოდ ბლოგისთვის დამახასიათებელი თემები.
მოკლედ 2016 წელი ჩემი ბლოგისთვის და ჩემი მკითხველებითვის, მეგობრებისთვის, თანამოაზრეეებისთვის , ოპონონტებისთვის თუ უბრალოდ შემთხვევით მოხვედრილი ტიპებისთვის იდეაში ბევრად მეტი საკითხავი მასალით იქნება გამორჩეული.