მე ამაყი ვარ

ეს ჩემი მეგობრის ანათემის პატარა ჩანახატია, იმედია თქვენც მოგეწონებათ.

—————-მე ამაყი ვარ————-

დერეფანში შეგვიშვეს. დერეფანიც არ ერქვა, ორი კარები გადიოდა ერთმანეთის საპირისპირო მხარეს.Aარავის უთქვამს რომელში უნდა შევსულიყავით “ყველაფერს ჩვენ ხომ არ გიკარნახებთ”, ზედ გაკეთებული წარწერების მიხედვით თვითონ უნდა გაგვერკვია. “ვეხმარებით მათხოვრებს, ამბიციურ ნაბიჭვრებს, უძლურებს, უსინდისოებს და არაკაცებს.”
ჰმ, ზუსტად საჩვენო კარებია.
მისაღები სავსე იყო ხალხით. წვრილი მოხელეები, ცხოვრებაში უმნიშვნელო კაცუნები, თავს ბატონ-პატრონად გრძნობდნენ. ერთი გაღიმებით აგვარებდნენ ჩვენისთანებისთვის სასიცოცხლოდ ქცეულ პრობლემებს, რომლებსაც ამ კარს მიღმა კი არა, შენობის მიღმაც ვერ წყვეტდნენ, თუმცა თვალის მოტყუებისთვის გამოდგება. გარეგნული ეფექტებით მოგვამარაგებენ, ყველაფერს მწვანე ფერში გადავღებავთ, თვალებზე გადავუსმევთ, ბუნებას შეეზრდებიან, ისე რომ კოსმოსიდან გადაღებულ სურათებში ბუჩქებს უფრო დაემსგავსებიან ვიდრე ადამიანებს, ან კიდევ უკეთესი _ ბუჩქებში შემალულ ადამიანებს. გაქცევის კი არა და (გაქცევა რა საკადრისია) ტაქტიკური გადაჯგუფებისას გამოგვადგება. ქართველები არასოდეს გარბიან! “როდესაც ისტორიას, თუნდაც მცდარად გაგებულს და არასწორად ინტერპრეტირებულს, სწავლობენ, ცდილობენ ისეთები იყვნენ, როგორადაც თავი წარმოუდგენიათ _ ყველა დროის ყველაზე მამაცები, ჭკვიანები, ლმობიერები. ამ მეთოდმა თითქოს უნდა გაამართლოს. იდეალს ბაძავ, მაგრამ მოჩვენებითია მიბაძვა, როცა საჭიროა სწორედ მაშინ ვერ ვიყენებთ, ექსტრემალურ ვითარებაში ბუნებრივ ინსტიქტს ვემორჩილებით ანუ ვხდებით ისეთები, როგორებიც სინამდვილეში ვართ _ საშუალო შეძლების და ნიჭის (ალბათ ზუსტად ისეთები როგორებიც ჩვენი წინაპრები იყვნენ), აქა-იქ ბედნიერი გამონაკლისებით და საკუთარ თავზე გადაჭარბებული შეხედულების გამო ამ საშუალოსაც ვაუფასურებთ. დრო კი მიდის. პრობლემები გროვდება, საიდან თავის დაღწევასაც ისევ გაიდეალებაში ვეძებთ. უფრო რთულდება სინამდვილისათვის თვალის გასწორება და სწორ გზაზე დაყენების ნებისმიერი მცდელობა დასაწყისშივე იღუპება.” (უცნობი ავტორი) ძალიან კარგი, ისწავლოს ხალხმა ასეთი ისტორია, რადგან მცდარია, მალე ეგეც აიკრძალება. ისტორია საერთოდ აღარ დაგვჭირდება. ეხლა 50-200 წლის ისტორიის მქონე ორგანიზაციები ფასობენ და ისიც არა თავისი ისტორიის გამო. მათ რაც მეტად შევტენით თვალებში ჩვენ 2000 თუ 3000 წლოვან წარსულს, მით მალე შეგვტენიან მას ერთ ადგილას. დროს ვუწყობთ ფეხს, დრო კი ოთახისკენ, ან ერთის ან მეორისკენ მიგვითითებს. ჩვენც ვემორჩილებით, მეტი რა ვქნათ?
უკანასკნელად ვავლებთ თვალს ერთმანეთს. ნამდვილად შესაფერისი გამომეტყველება გვაქვს აწებებული. ზომიერად დამწუხრებული, თვალებში ჩაგუბებული სიმკაცრით და ამაღლებული განწყობით ველოდებოდით შეხვედრას, იმედი ჩვენთვის უკანასკნელი თავშესაფარია, მოძრავი თავშესაფარი, ტანზე მჭიდროდ მორგებული გამოუვალ სიტუაციაშიც არ გვტოვებს, შიგნით შევიყუჟებით და თითის დაქნევას დაველოდებით.
ზეიმი ატრიბუტიკის გარეშე, თუნდაც კოსმეტიკისა და თეთრი საცვლებისგან აწყობილის, ელფერს დაკარგავდა. მისაღებში გაშლილი დროშების ფრიალით შევედით (როგორც ერთ დროს იერუსალიმში), თავაზიანად გაგავატარეს. კაცი თავის მსგავსს ყოველთვის ცნობს, თავისნაირს და უფრო აღმატებულს. ტაშის ხმა და შეძახილებიც გაისმა. ბედნიერი სახეებით ხალხის თავს ზემოთ ვიყურებოდით და წინ მივდიოდით. ჩვენ გვესალმებოდნენ . . .
შეშვებისთვის ერთადერთი პირობა იყო, უნდა დაგეკმაყოფილებინა აბრაზე წარწერილი თუნდაც ერთი მოთხოვნა და თუნდაც სანახევროდ. სულ მცირე საფუძველიც კი საკმარისი ეგონათ დანარჩენი თვითონ იცოდნენ, შეღებვა-აშენება, რეკონსტრუქცია. ერთ-ერთმა მოიფიქრა, აბრა ჩამოხსნა, მკერდზე ჩამოიკიდა და ისე გაგვიძღვა. რომელიმეს კი არა ყველას ვაკმაყოფილებთ, კიდევ იმათ რომლებიც გაიფიქრეთ და აღარ დაწერეთ (დერეფანში წესიერი ხალხიც მოძრაობს), კიდევ იმათ აზრადაც რომ არ გაგივლიათ. შემოგვიშვით და ყველაფერს გაჩვენებთ. გაშლილი დროშებით შევედით მათხოვრები, ამბიციური ნაბიჭვრები, უძლურები, უსინდისოები და არაკაცები, ოფლში ამოსვრილ საცვლებს დროშებად ვასაღებდით, ზედ წითელი ზოლები გამოგვყავდა, სადღაც ვიღაცეები კი ნამდვილ დროშებს სისხლში სვრიდნენ. დროშების პატივისცემა დაივიწყა ხალხმა, ისეთ ადგილზე მაინც დაამაგრე სადაც სისხლი არ მიეცხება, სადაც დაგლეჯილი სხეულები არ ეყრება და სუდარის ნაცვლად ზედ არ წააფარებენ, შერჩენილ სახეს გამოხარშვითაც ვეღარ გააცლი, საუკუნეები დარჩები ლაქები, შემდეგ დნმ-ს ანალიზიც სადავო გახდება. იქნებ ყალბია, იქნებ სხვა პერიოდისაა, ზედ უამრავი ნარჩენით, კვამლისა და დენთისგან შეტუსული, ჩვენთვის მაინც წმინდაა. თაყვანისცემის ღირსი ობიექტების ნამდვილი არსი მათ გარეგნულ სიწმინდე-სიბინძურეში სულაც არ გამოიხატება.
კარგი და ტკბილი ცხოვრების სუნად ვყარდით. ასეთი სუნი ალბათ მაშინ გიდის როცა სადღაც ვიღაცეები იჟლიტებიან, შენ კი მისაღებში დასეირნობ, თავაზიან ღიმილზე ღიმილით პასუხობ. სხვაგვარად როგორ უნდა მოიქცე? არადა კაბინეტში შესვლა კარგად გვინდა. სხვის ცხოვრებაზე ზიზღით მაშინ ვლაპარაკობთ, როდესაც საკუთარი არ მოგვწონს. გვგონია რომ ბედმა დაგვჩაგრა, არ გაგვიმართლა, რომ იმაზე უკეთესი ხელმძღვანელები ვიქნებოდით ვიდრე არსებულია.
როგორც იქნა ოთახშიც შევაღწიეთ. კაცმა რომ თქვას შიგნით ქაღალდების მეტი არც არაფერია. შემსვლელებს ურიგებენ, ზედ ინსტრუქციას აყოლებენ. ათასი ადამიანი არსებობს, ვერაფრით ისწავლეს, რომ ერთი ქაღალდი მარტო ერთ კაცს ნიშნავს. ზოგიერთი ათ კაცზე ანაწილებს, თითქოს საკმარისი არ იყოს. ხალხის გასაბრიყვებლად დაშვებული მაქსიმუმი რეალურთან შედარებით 10-ჯერ ნაკლების წარმოჩენაა. ყველაზე უმაქნის და დებილ ერსაც კი საკუთარი მოთმინების ზღვარი გააჩნია, რომლის იქით გადაბიჯება ნამდვილად არ ღირს, ხელისუფლების შენარჩუნება თუ გაქვს გადაწყვეტილი რასაკვირველია. ოთახში კი შესვენების გარეშე მუშაობენ. გამუდმებით საბეჭდ მანქანას აჩხაკუნებენ, ციფრებს ითვლიან. დაუგეგმავი წაგება არავის უყვარს, დაგეგმილი _ სხვა საქმეა, დიდი გამარჯვების მოსაპოვებლად გაცემული პატარა მსხვერპლია. სერიოზული სახეები აქვთ მიღებული, დრო არ აქვთ ღიმილისთვის და არც კულტურა. ამ სიტუაციაში იქნებ ასეც ჯობდეს. ზედმეტი მიმიკისგან გათავისუფლებენ. დაღლას არ გაგრძნობინებენ, ანაც გამუდმებით ერთიდაიმავეს კეთებისაგან გამოწვეულ მობეზრებას. მილიონობით ქაღალდი გასცეს და კიდევ მილიონებს გასცემენ. შენ ოღონდ მოინდომე, ცოტა შეაწუხე, ცოტაც თავს ძალა დაატანე, უშრომლად არავინ არაფერს მოგცემს. დრო არის ასეთი.
დროშები დავახვიეთ და . . . ჩავიცვით, მეორე კარებში წესით უფრო კარგად უნდა გვიცნობდნენ, სამსაუკუნოვანი თუ რაღაც მაგდაგვარი მოკავშირეობა გვაკავშირებს, პატრიოტული პათოსი აღარ გამოგვადგება, აბრაც ზედმეტია. ჩვენ უბრალოდ დამოწმება გვჭირდება, სხვა არაფერი, აბსოლუტურად არაფერი.
კარები _ სურვილების ასრულება _ შევაღეთ
მარჯვენა ხელში 100-დან 200-მდე ფურცელი გვეკავა, მარცხენაში კი 1000-დან 2000-მდე. გადავცემთ, ბეჭედს დაარტყამენ და თავისუფლები ვართ საცოდავები.
საცოდავები კი იბრძვიან, ფურცლებზე წარმოდგენაც არ აქვთ, ამდენი ტვინი რომ ჰქონოდათ სამშობლოს ნამდვილ გააზრებასაც ადვილად ჩაწვდებოდნენ _ სადაც კარგად ხარ და კარგად გექცევიან და არა ბრძოლის ველზე გტოვებენ. იმ მიწაზე დახოხავენ, სადაც წესით, სანგარი უნდა იყოს, ყველაფერი მარტივია _ საფლავის გათხრა აღარ იქნება საჭირო, იმის ძებნა და თავის მტვრევა ჯარისკაცი უცნობია თუ ნაცნობი, ტყვიებისგან დასაცავად დაზვინულ მიწას წაგაყრიან და 2000 ფურცელს უფრო ადვილად გაასაღებენ ორასად
იმისთვის არსებობს ორი კარები, რომ ორივეში ერთდროულად ვერ შეხვიდე, ჯერ ერთში შედიხარ, მერე მეორეში. ისეც შეიძლება რომ არცერთში არ შეხვიდე, ყრუდ ჩაკეტო, ამოაშენო, თუმცა მერე უკვე კარები შემოვა ჩვენთან(ან ერთი ან მეორე) და სულაც აღარ იქნება თავაზიანი და თბილი, კეთილი ნება ძალდატანების დროს ზედმეტი ფუფუნებაა
შენობიდან ფეიერვერკებით გაგვაცილეს. ჩვენი სისუსტე. გრანდიოზული სანახაობა მწუხარებაშიც გრანდიოზული რჩება. თვალს ვერ ვაცილებდით და გონებაში ახალი იდეა ისახებოდა, რაც მეტ ქაღალდს წავიღებთ, მით უფრო გავახარებთ და უფრო დიდ სანახაობას შემოგვთავაზებენ. ამდენს ვმუშაობთ და ერთი ფეირვერკი აღარ დავიმსახურეთ? . . . ღიმილად ვიღვრებით. ფეიერვერკი და მასზე უკეთესის სანახავად შემუშავებული გეგმა პირქუშ სახესთან ვერ თავსდება, თავი უნდა მოაწონო, კანიდან უნდა გამოძვრე და როგორმე თავი მოაწონო _ მარტივი ამოსვლა პრობლემიდან _ ხალხი რატომღაც აბრევიატურას იყენებს, მუდმივი ალიანსის პირობა . . . სხვების მოფიქრებაც შეიძლება . . .
უზარმაზარი საერთო უბედურების წინაშე ყველა მანამდე არსებული პრობლემა სასაცილოდ გამოიყურება, ისე თითქოს არც არასოდეს ყოფილა. ეს კარგია. უზარმაზარ საერთო უბეუდრებას მოვიშორებთ და ხალხი ბედნიერი იქნება, ისტორიის მანძილზე პირველად ჩვენი ქვეყანა იქნება ბედნიერი. სხვა დანარჩენი საფიქრალი ხომ ისეთი მეორეხარისხოვანია მათ აღარც კი გაიხსენებენ, კრიტიკაც აღარ იქნება. ისედაც, ჩვენს მოწინააღმდეგეებად და მომხრეებად ხალხი პირობითად იყოფოდა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც სამშობლოს უჭირს. ასეთ სიტუაციაში ამაზე არც კი უნდა იფიქრო, ყველა ერთად, არა, ერთ მხარეს ანუ ჩვენთან უნდა დადგეს. ამ შანსს ხელიდან გავუშვებთ? პირველი შემთხვევაა, როდესაც სამშობლოს განსახიერებად გადავიქეცით და ქვეყანა თავზეც რომ ჩამოგვექცეს ამ შანსს მაინც გამოვიყენებთ. პოლიტიკური მტრები კეთილ მოყვრებად იქცნენ. საერთო ჭირმა გაგვაერთიანა, ჩვენი ერთსახოვნობა წარმოაჩინა, ამ დროს გონებაში სრულიად ლოგიკური კითხვა იბადება: თუ ყველაფერი კარგადაა რატომ არ ვზეიმობთ? სწორია, ყველამ უნდა ვიზეიმოთ!
დიდი მოედნიდან მივმართეთ ხალხს, თავზე ფურცლები გადავაყარეთ, ოთახიდან გამოტანილი და ბეჭდით დამოწმებული ფურცლები. საინტერესოა ძლიერი სტრესის ქვეშ მყოფ ადამიანებზე დაკვირვება _ ზოგი საოცრად მამაცი ხდება, ზოგს კი ტუალეტიდან ვერ გამოათრევ, უნიტაზზე წინიდან თუ უკნიდან დამხობილი ლოცვის სიტყვებივით ისვრის “პური ჩვენი არსობისას” და როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზრპვნე სტივენ კინგი აღნიშნავს, რწყევის ერთადერთი პლიუსიც ხომ ისაა, რომ სხვაზე ვერაფერზე ფიქრობ, აღარც თითქმის უფასოდ მოცემულ ულამაზეს მზეთუნახავებზე და კეთილ რაინდებზე, სხვის მოძველებულ და საკუთარ უახლეს აღჭურვილობაზე, შესანიშნავ სარდლობაზე და მამაც მხედართმთავარზე, მიტოვებულ მკვდრებზე და დაჭრილებზე. ამაზე ფიქრია სწორედ ისევდაისევ უკან რომ გატრიალებს და თავიდან გაწყებინებს “პური ჩვენი არსობისას” გადმონთხევას.
მასობრივი ფსიქოზი ქვის ფილებზე დანთებულ სანთლებს ვერ სცილდება. სანახავად ხომ მაინცაა ეფექტური _ სანთლებით გაკეთებული მოწოდებები. სამწუხაროდ მათი შუქი ოთახებამდე ვერ აღწევს, რაღაც განსხვავებული გვინდა, უფრო შთამბეჭდავი, კოსმოსიდან რომ გაარჩევს კაცი, ის რაც ასე მტკიცედ, ჯაჭვზე მტკიცედ გვაკავშირებს მთელ მსოფლიოსთან, ოთახებთან. . . მილიონობით ჩაბმული ხელი ყველანაირ მეტალზე გამძლეა. რამდენი ხანი ძლებს რკინა, როდესაც გამუდმებით ალღობენ, აცივებენ, ჭიმავენ? ჩვენ კი ათასწლეულებია ვუძლებთ. ხელჩაკიდებულები ვდგავართ ადგილზე, იქნებ გვგონია, რომ მარტო გადაჭდობილი ხელების სილამაზის გამო ოთახის კარს სამუდამოდ გაგვიღებენ? წვრილი მოხელეები ტელევიზიით უყურებენ სანახაობას, ყველაფერს კინოფილმის ეფექტი ეძლევა, რეალობა შეიძლება უფრო საცოდავადაც კი გამოიუყურებოდეს, კინოში გაცილებით უკეთესი და შთამბეჭდავი ეფექტები აქვთ. ადამიანისთვის ფასი დაკარგა სინამდვილემ, ტელევიზორში ნანახს ერთნაირი ფასი აქვს, ერთნაირი ემოციით აღიქვამენ დაბომბილ სოფლებს და უცხოპლანეტელებთან ბრძოლას, ცოტა დაძაბვა გჭირდება, პატრიოტული გრძნობების ამუშავება, თუმცა ჯერ შიში მოდის, იმიტომ რომ მარტო ტელევიზორიდან აღარ აღწევს ხმაური, შენ საკუთარ კარს უახლოვდება . . . ზოგი ყრუდ იკეტება, ზოგი გაქვავებული ხელოვნური სიმშვიდით ელოდება, უამრავი გამოხატულება აქვს შიშს, ის მარტო პანიკაში და გაქცევაში არ გამოიხატება, თუმცა ასეთიც უამრავია, გარბიან ყველა მხარეს, ხმაურისგან შორს. ყველაზე განსაკუთრებული სახეობა დაბეჭდილი ფურცლების სანახავად მოედანზე შეკრებაა. შიშის სახეობა, როდესაც ფიქრობ რომ ასიათას კაცში რაღა შენ მოგიწევს იმქვეყნად გამგზავრება, რაც მეტი ადამიანი იქნება გადარჩენის მეტი შანსი არსებობს. ასიათასი დაღებული ხახა იწყევლება და იმუქრება, ფერცლები გადავუყარეთ და იციან რომ ყველაფერი დამთავრდა, ოთახებიდან ჯერ-ჯერობით მეტ ფურცელს არ გვაძლევენ “საკმარისი დაიხოცა”. კარგად აქვთ გათვლილი _ ერთბაშად დიდი სიხარულიც კი ძნელი გადასატანია და ტრაგედია მითუმეტეს, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს ნელ-ნელა უნდა მიაჩვიო ადამიანები. არ შეიძლება ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე მშენებლობა სამ დღეში ერთბაშად მოსპო. ასეთი გამძლეც არაა XXI საუკუნის ქართველის ფსიქოლოგია. განვითარებასთან ერთად თითქოს დამოუკიდებლობის ხარისხიც უნდა მატულობდეს, მაგრამ პირიქით ხდება _ დამოკიდებულობის ხარისხი იზრდება, იმ სამყაროს მიმართ, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ადამიანი არასოდეს ყოფილა ასეთი უბადრუკი, ცალკეულთა ინტელექტის ხარჯზე მიღწეული ტექნიკური პროგრესი და ფუფუნება ცუდად გაიგეს, უმადურად აითვისეს, ისე რომ შეიძლება მათი შემქნელების სახელიც კი არ იცოდნენ და ეს არც აწუხებდეთ. ასეთი მიდგომით შორს ვერ წავალთ. იმ გზაზე, რომელსაც ისტორია ჰქვია და ათასობით წელია ზედ მივაბიჯებთ, ჩახვეულია და ხიფათით აღსავსე, ხიფათით საკუთარ თავს თვითონვე რომ ვუმზადებთ. სულ ადვილია გზას აცდენა და უკვე გავლილის თავიდან დაწყება. წინ წასასვლელად ყოველი მონაკვეთი უნდა გვახსოვდეს, არადა ჩავიხვევთ და ერთ ადგილის ტკეპნას ვერასოდეს გავცდებით. იმ ადგილას კი ბალახიც აღარ გაიხარებს. რა შეიძლება ადამიანის ფეხით გათელილზე უარესი იყოს? მახსოვრობა გვღალატობს _ პირველი მკაფიო ნიშანი საწყისთან დაბრუნებისა, რომელზეც უარს ვაცხადებთ და შეგნებულად დამახინჯებულად აღვიქვამთ, იმის გამო რომ სუსტი ფსიქიკა გვაქვს? ვინ იცის. არა, ნამდვილად არ შეიძლება ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე მშენებლობის სამ დღეში დანგრევა.
მისია შესრულებულია და საკუთარი ხმაურის ბრძანებას ვიძლევით, რა თქმა უნდა ფეიერვერკის თანხლებით. მაინც რა არის ადამიანის ნება, ელემენტარული კონცენტრაციით მთების გადადგმა შეუძლია, ხმაურის შეჩერება და უკუქცევა, ყველაფრის დამხობა-გადატრიალება. გადარჩენას ვზეიმობთ _ შეუსაბამო სიტუაციაში გამართული მხიარულება სულ იოლად გადადის ისტერიაში _ პატრიოტული მუხტით გაჟღენთილ სიმღერებზე ვხტუნავთ, ჩვენ ხომ საცვლებიც თან გვაქვს, ჩვენი ჯადოსნური დროშები. გადათითხნილ წითელ ზოლებს თითებით ვასწორებთ, ალბათ წაიშალა, სხეულზე გადავიდა. არაფერია, აღგზნებულ ბრბოში დამარცხებაც კი უდიდეს გამარჯვებად შეიძლება მონათლო. ცოტა ხანში ყველას თავს ზემოთ ჩნდება თეთრი დროშასაცვლები, მსოფლიოს ხალხებისთვის გასაგები უნივერსალური ნიშანი. სახელმწიფო ატრიბუტიკის გამოჩენა ახალ ძალას გვმატებს . . . და ბოლოს დანაკუწებულ ფურცლებს პირში ვიტენით, ვყლაპავთ და ახალ ნაგლეჯებს ვეძებთ.
გვამების სუნად ყარს მოედანი, ცოცხალი გვამების. ალბათ ასეცაა, ყველა ცოცხალი ადამიანი არ იმსახურებს ცოცხალის სტატუსს და მითუმეტეს ადამიანად წოდებას. თითქმის ყველა ქვეყანაში და ყველა დროში თავის მკვდარს ყველა პატივს სცემდა, მითუმეტეს თუკი ის ახალგაზრდა იღუპებოდა, თუკი სამშობლოსათვის სწირავდა თავს, იმ სამშობლოსთვის მეომრები ფეხზე რომ ეკიდა ტელეეთერს კი განცხადებებით ბდღვნიდა, ხალხისთვის, ეკრანებთან მიმსხდრები ვალერიანით რომ იჭყიპებოდნენ და ბომბდამშენის ხმის გაგებაზე ახალ დოზას იღებდნენ, ყბადაღებული სავსე ბარები და რესტორნები. არ გიფიქრიათ? უმარტივესია სხვებისთვის ბრძოლისაკენ მოწოდება, გმირობის ჩადენა, თვითონ კი იმყოფები სახლში, სოფელში ან ქალაქში ოპტიმისტურად განწყობილი. . . ნორმალურ ქვეყანში თვითმფრინავი რომ იღუპება, ან ტერაქტი ხდება დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ იმ დღეს გლოვის დღედ აცხადებენ, არც ეს ცვლის არაფერს, მკვდრისთვის სულერთია ცოცხლები რას იზამენ, მაგრამ ელემენტარული ურთიერთპატივისცემაა, იმის ჩვენება რომ ფეხზე არ გკიდია დაღუპული. თუმცა ჩვენთან რატომღაც ჰგონიათ, რომ გლოვის დღის გამოცხადება დამარცხებას ნიშნავს. მგონი მწუხარებაც შეიძლება იყოს ამაღლებული, ღირსეული და უხმო. არსებობდნენ საზოგადოებები, რომლებიც ტყვედჩავარდნილ მეომრებს მიირთმევდნენ (კანიბალები) და ამით მათ ძალას იღებდნენ. სავსებით შეგნებულად უარი ვთქვით ამ შეხედულებაზე, მაგრამ საკითხავია, რომელი უფრო უარესია, მკვდრის (მტრის) შეჭმა თუ საკუთარი მიცვალებულის საფლავზე პოპკონცერტის მოწყობა, თან უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაში. ადრე ვაკეთებთ დასკვნებს. მარტო წარსული, კულტურული მემკვიდრეობა, განათლება კულტურულ ქვეყანად თავის გამოცხადების საფუძველს ნამდვილად არ წარმოადგენს.
ოთახებიდან მოღუშული სახეებით გვიქნევენ თითს, არასოდეს არიან კმაყოფილები, რაც არ უნდა გააკეთო ყველაფერში გამოძებნიან ხინჯს, ინსტრუქციების საგულდაგულო შესრულებაც არ მოსწონთ, დამოუკიდებელ აზროვნებას გთხოვენ, არაფრით არ გვესმის როგორ შეიძლება ინსტრუქციას მიჰყვებოდე და თან დამოუკიდებლად აზროვნებდე.
ისეთი სიტუაციაც არსებობს, მართალია იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობს, როდესაც ადამიანი სინანულისა და ბოდიშის მოხდის ნაცვლად (ან ეს რისი მაქნისია) აცხადებს, რომ ის ამაყია და გამარჯვებული.(ქვემოთ მოედანზე ბედნიერი ხალხი გმინავს) მისი ადგილის დაკავების მსურველები ალბათ სხვაგვარად მოიქცეოდნენ, ან სხვა სიტყვებს იტყოდნენ, მაგრამ შეცვლიდა ეს რამეს? არც უნდა გაგვიკვირდეს _ სანაგვეში ყოველთვის ნაგავი იყრება(ისე ზედაპირზეც ნაგავი ტივტივებს), თუმცა თავიდან ისიც კარგია, კარგად გამოიყურება, შემდეგ კი გადაყრის დრო რომ დგება, როგორც არ უნდა შეფუთო და რაც არ უნდა დააწერო არსს ვეღარ შეცვლი _ ნაგავი ყოველთვის ნაგავი იქნება.

1 thought on “მე ამაყი ვარ

  1. nikusha

    კარგი მოთხრობაა:) ცოტათი წაკითხვა ჭირს მაგრამ ისე საკაიფოა:) იმედია ანათემა შემდეგში კიდევ უფრო მოუმატებს:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s