Monthly Archives: მაისი 2017

სოციალურად დაუცველების სახელმწიფო

საყოველთაო ჯანდაცვა ძალიან კარგი რეფორმაა, ალბათ საუკეთესო რაც შეიძლება პატარა ქვეყანაში გააკეთო, მითუმეტეს  იმ პირობებში როდესაც თანამედროვე სამყაროში,  სახელმწიფოს თითქმის არ აქვს ინსტრუმენტები ეკონომიკაში ჩარევის, პლუს საქართველოს შემთხვევაში ამას თან ემატება სრულიად არასაჭირო თვითშეზღუდვებიც  (ლიბერთი აქტი).

ამის გათვალისწინებით  საყოველთაო ჯანდაცვა კიდევ უფრო  გამორჩეული რეფორმაა ,   რეფორმა იმდენად წარმატებულია რომ ნაციონალური მოძრაობამ და უკიდურესად ნეგატიურად განწყობილმა ენჯეო სექტორმაც ვერაფერი მოახერხა მის წინააღმდეგ, მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ჯანდაცვის სპიკერი ზურაბ ჭიაბერაშვილი, დავით სერგეენკოს ფონზე საშინლად კომიკურ პერსონაჟად მოჩანს. ხოლო ექსპერტებმა რომლებიც პროგრამის ამოქმედებამდე აპოკალიფსით გვემუქრებოდნენ, მორცხვად აქცენტები დროთა განმავლობაში მოსალოდნელ ეკონომიკურ კატასტროფაზე გააკეთეს .

ამას ემატება თავად მოსახლოებაში ამ რეფორმის მხარდაჭერა რომელიც 91 პროცენტია. ადამიანებმა წლების განმავლობაში გადადებული ოპერაციები გაიკეთეს და რაც მთავარია გაუჩნდათ შეგრძნება რომ ყველაზე ცუდ მომენტში, მათ გვერდით მათი სახელმწიფოა, არა რაღაც აბსტრაქტული სახელმწიფო რომელსაც სადღეგრძელოებში რატომღაც ადღეგრძელებენ, არამედ რეალური და მოქმედი,  რაღა შორს წავიდე პირადად ვისარგებლე 2016 წელს ამ პროგრამით  და მერწმუნეთ მიუხედავად იმისა რომ პრინციპში ჩემი შემოსავალით იდეაში საშუალო კლასში გავდივარ, რომ არა საყოველთაო ჯანდაცვა  საკმაოდ მოცულობითი სესხის გარეშე უბრალოდ ვერ შევძლებდი ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლას, სწორედ ასეთი სერვისები გაძლევს იმის შეგრძნებას რომ შენს გვერდით შენი სახელმწიფოა.

რათქმაუნდა ამხელა რეფორმა პრობლემების გარეშე არ არსებობს, კარგად გამოჩნდა წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგები, მყისიერად გაჩნდა  ბევრი შავი ხვრელები პროგრამებში, არსებობს საკმაოდ ბევრი შეკითხვები ზოგიერთი კერძო საავამდყოფოების თუ სადაზღვეობის მიმართ. ასევე თავად ტრადიციული პრობლემა, რომელიც ზოგიერთი პრობლემის მიმართ სახელმწიფო მართვის მოუქნელობას, დაგვიანებით რეაგირებას გულისხმობს.

რათქმაუნდა რეფორმას სჭირდება განვითარება, შეცდომებზე მუშაობა და ხარვეზების გასწორება, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ჩვენნაირ ქვეყნებში სადაც რეალურად კარგი რეფორმები ბედნიერი გამონაკლისია, ექსპერტების და ყველაფრის მცოდნე ენჯეო სექტორის წყალობით, საყოველთაო ჯანდაცვის იმ მიმართულებით წავიდა რომელიც მაქსიმალურად არაეფექტურობას   მიზნობრიობაზე გადასვლას გულისხმობს.

პირველი მერცხალი, წელიწადში 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალის მქონე ადამიანებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის აკრძალვას გულისხმობს, ალბათ გაგიჩნდათ შეკითხვა რატომ იცავს მემარცხენე ანალიტიკოსი 40 ათას მეტი შემოსავალის მქონე ადამიანებს, პასუხი ძალიან მარტივია, უკაცრავად ტავტოლოგიისთვის და საყოველთაო ჯანდაცვის მთელი სიძლიერე მის საყოველთაობაშია, თან ეს ჩვენი სამშობლო ყველასია, მდიდრებისაც, სოციალურად დაუცველების თუ  საშუალო კლასის, ჯანდაცვა ისეთი თემაა რომ მაგალითად ონკოლოგიურ დაავადებას თავისუფლად შეუძლია  მდიდარი(40 ათასზე მეტი შემოსავალის მქონე) ადამიანი საშუალო კლასში გადაიყვანოს  ხოლო  შესაბამისად საშუალო კლასიდან სოციალურად დაუცველებში .

თან რაც მთავარია მსგავსი პროექტები ყველას გვაძლევს საშუალებას მივიღოთ თანამონაწილეობა ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობაში  სოლიდარულ პრინციპებზე დაყრდნობით.  ამავდროულად არ დაგვავიწყდეს ყოველთვის არსებობს კერძო დაზღვევა რომელიც აგვარებს იმ პრობლემებს რომელიც თან ახლავს საყოველთაო ჯანდაცვას, ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანი, ის კერძო დაზღვევით ისარგებლებს, გადაიხდის ამაში დამატებით თანხას თუ დარჩება საყოველთაოს მომხმარებლად.

ყველაზე ირონიული კი ის არის რომ საყოველთაო ჯანდაცვა რეალურად არც ისე ძვირი გვიჯდება, მისი ბიუჯეტი არ აღემატება 700 მილიონ ლარს, მაშინ როდესაც მაგალითად სააკაშვილის რეჟიმის ბოლო წლებში თითქმის 400 მილიონი ლარი იყო და მეეჭვება ვინმემ გაიხსენოს რისთვის იხარჯებოდა ის თანხა. თუნდაც პროგრამის  ხარჯები ყოველწლიურად  იზრდებოდეს(რათქმაუნდა არა ისეთი ტემპებით როგორსაც გვისახავენ)  რაც ბუნებრივია, მეეჭვება ქართულ სახელმწიფოს იმაზე უფრო საჭირო ხარჯები ჰქონდეს ვიდრე საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯებია.

არსებობს ერთი დეტალი, საყოველთაო ჯანდაცვა რომც არ არსებობდეს და ჩვენი ლიბერალების და უფლებადამცველების “ექსპერტების” საოცნებო მიზნობრივი პროგრამა გვქონდეს,  რომელიც მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე  და გაჭირვებებულზე იყოს  ორიენტირებული თანხობრივად ეს შემცირება არანაირად არ იქნება დრამატული(შეხედეთ სააკაშვილის რეჟიმის ბოლო წლების ხარჯებს) ხოლო რადგანაც არჩევნებს არავინ აუქმებს ძალაუნებურად ვუბიძგებთ ხელისუფლებებს რომ გამოთავისუფლებული თანხები, სრულიად უაზრო პიარ კამპანიებზე დახარჯოს. ჩვენთვის სჯობს, ხელისუფლებამ საყოველთაო ჯანდაცვის პიარით მოიგოს ჩვენი გული ვიდრე მაგალითად სტუდენტური, ან თინეიჯერების ოლიმპიადით, ან რაიმე კონცერტებით.  ან საერთოდ ყველაზე ცუდ შემთხვევაში  მილიტარისტული ხარჯებით(რომელიც განსხვავებით დიდი სამხედრო ინდუსტრიული ქვეყნებისგან სამხედრო კეინზიანიმში გასაგები მიზეზების გამო ვერ გადაიზრდება).

იმედი მაქვს დავით სერგეენკო შეძლებს გაუძლოს და შეინარჩუნოს ის საყოველთაო ჯანდაცვა რომელიც ობიექტურად ყველაზე წარმატებული პროექტია არამხოლოდ ოცნების ხელისუფლების არამედ ლამის ერთადერთი რომელიც წარმატებით განხორციელდა ბოლო წლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, მოსახლეობას ერთ დღესაც გაუჩნდეს შეკითხვა, ხომ არ სჯობს ლიბერალური პროექტების განსახორციელებლად ლიბერალები მოიყვანოს ხელისუფლებაში.